ბზიფი, მდინარე დას. საქართველოში, სოხუმისა და გუდაუთის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 110 კმ, აუზის ფართ. 1510 კმ 2. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, ადანგის უღელტეხილთან, 2306 მ სიმაღლეზე. ზემო ნაწილში ხეობა ვიწრო და ღრმაა. გამომუშავებულია ტექტონ. რღვევის ხაზის გასწვრივ ქვედაიურულ თიხაფიქლებსა და ქვიშაქვებში, აგრეთვე ბაიოსის პორფირიტულ წყებაში. სოფ. ფსხუსთან ხეობა განივრდება და მდინარე იტოტება. ქვემოთ ხეობა ვიწრო, ზოგან კანიონისებრია, დაბა ბზიფთან დაბლობზე გამოდის და ერთვის შავ ზღვას ბიჭვინთის კონცხთან. ბ-ის მთავარი შენაკადებია ბავიუ და გეგა. საზრდოობს წვიმის (37,2%), მიწისქვეშა (32,2%) და თოვლის (30,6%) წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, წყალმცირობა - ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. საშ. წლ. ხარჯი 99 მ³/წმ.
ი. აფხაზავა