ბზიფის ქედი

ბზიფის ქედი, ქედი სოხუმისა და გუდაუთის მუნიციპალიტეტებში. კავკასიონის სამხრ. გვერდითი ქედი.

გამოეყოფა მთავარ ქედს მდ-ების ბზიფისა და ჩხალთის სათავეებთან. მიმართულია ზოგადად დას-კენ და ბოლოვდება ბზიფის მარცხ. სანაპიროზე, მდ. გეგის შესართავსა და სოფ. კალდახვარას შორის. სიგრძე დაახლ. 70 კმ. უმაღლესი მწვ. კაპიშისტრა (3155 მ).

ბ. ქ. იყოფა სამ ნაწილად. აღმ. ნაწილი უმაღლესია, აგებულია ბაიოსის პორფირიტული წყებით, ხასიათდება თანამედროვე მცირე მყინვარებით და ძვ. გამყინვარების მკაფიო წარმონაქმნებით, შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. შუა ნაწილი უდაბლესია, აგებულია იურული წყებებით, შემოსილია ტყეებით. აქ მდებარეობს უღელტეხილები დოუ და აჭავჭარა. დას. ნაწილი შუალედური სიმაღლისაა (მთა ძიშრა), აგებულია ქვედაცარცულ-ზედაიურული კირქვებით. ემჩნევა ძვ. გამყინვარების ნიშნები. ინტენსიურადაა დაკარსტული, მოკლებულია ზედაპირულ ჰიდროგრაფიულ ქსელს. მის ძირში გამოდის მდ. მჭიშთა. კალთები შემოსილია ტყით. თხემზე სუბალპ. და ალპ. მდელოებია.

ბ. ქ-ზე, უღელტეხილ ძინის მიდამოებში, არის „თოვლიანი უფსკრული“.

ლ. მარუაშვილი