ბზიფის ქონდარი (Satureja bzibica), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. აქვს 20–50 სმ სიმაღლის, ძირში გახევებული უხვად შეფოთლილი ღეროები, ელიფსური ან უკულანცეტა, ტყავისებრი, მაგარი, პრიალა მჯდომარე ფოთლები, თეთრი ან მოიისფერო ყვავილები. იშვიათი რელიქტია.
საქართველოში მხოლოდ აფხაზეთში იზრდება – მდ. ბზიფისა და გეგის ხეობებში. სპორადულად გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე სოჭიდან ანაპამდე. იზრდება მშრალ, კირქვიან კლდეებზე, კლდეთა ნაპრალებში, კირქვიან ნაშალებზე, ღორღიანებზე, ტყისპირებზე, ნაზვავებსა და რიყეებზე მთის ქვედა სარტყელში როგორც ერთეულად, ისე პატარ-პატარა დაჯგუფებების სახით. ეთერზეთოვანი და დეკორ. მცენარეა.
როგორც იშვიათი მცენარე, შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.
ლ. ხინთიბიძე