ბზობა

ბზობა, ბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე. ქრისტ. კულტის მსახურებაში ბ-ის დღესასწაული IV ს-ში შემოვიდა (სათავეს იღებს ძვ. ებრ. დღესასწაულიდან).

მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რ-შიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის (ქართველ ებრაელთა შორის ფესახის სახელით იხსენიება) დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს – ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბ-ის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვ. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედან ქართ. „ბზობა“), რუსეთში – ტირიფი.

ბ. ლომინაძე