ბიბლია (ბერძნ. biblia, სიტყვასიტყვით – წიგნები), იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების წმინდა წიგნების კრებული. შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან – ძველი და ახალი აღთქმისაგან; ახალ აღთქმას წმინდა წიგნად მხოლოდ ქრისტ. რელიგია ცნობს. ძველი აღთქმის დიდი ნაწილი დაწერილია ძვ. ებრაულ ენაზე, ზოგიერთ გვიანდელ წიგნში გვხვდება არამეული ტექსტიც. ძველი აღთქმა შეიცავს წიგნებს, რ-ებიც სხვადასხვა დროს არის დაწერილი და შინაარსითაც განსხვავდება. საბოლოო სახე ებრაულმა ძველმა აღთქმამ საკმაოდ გვიან მიიღო. მისი შედგენილობის კანონიზაცია დაიწყო ძვ. წ. V ს-ში და დამთავრდა ახ. წ. II ს-ში. VII–IX სს-ში ძვ. ებრაული ტექსტი საბოლოოდ დაამუშავეს ე. წ. მასორული სკოლის წარმომადგენლებმა. მათ გაახმოვანეს ტექსტი, რ-იც სემიტური ენების ტრადიციის მიხედვით მხოლოდ თანხმოვნებით იყო დაწერილი. მასორული ბ-ის ხელნაწერებში ყველაზე ძველი მხოლოდ IX–X სს-ისაა. მკვდარი ზღვის (კუმრანის) ხელნაწერთა აღმოჩენამ (1949) გამოავლინა უფრო ადრეული ტექსტები – ახ. წ. დასაწყისი პერიოდისა. ამ გარემოების გამო ძვ. თარგმანებს, მაგ., ბერძნ. სეპტუაგინტას, ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძველი აღთქმის ტექსტის შესასწავლად. ქრისტიანობის ჩამოყალიბებასა და გავრცელებასთან ერთად ძველი აღთქმის წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა. ბევრ თარგმანს საფუძვლად დაედო სეპტუაგინტა, რ-იც ქრისტიანობის ჩამოყალიბებამდე იყო ნათარგმნი ეგვიპტეში მაცხოვრებელი ებრაელებისათვის, რ-თა კოლონია ენობრივად ელინიზირებული იყო, მაგრამ ებრაულ სარწმუნოებას ინარჩუნებდა. ბ-ის მეორე ნაწილი – ახალი აღთქმა – დაწერილია ბერძნ. ენაზე, თუმცა ზოგიერთ ნაწილში შეიძლება თავდაპირველად არამეული ტექსტიც ყოფილიყო ჩართული.
საქართველოში ძველი და ახალი აღთქმის წიგნების თარგმნა ქრისტიანობის გავრცელებისთანავე დაიწყო. ბ-ის ტექსტების უძველესი ფრაგმენტები შემონახულია ხამნეტ და ჰაემეტ ტექსტებში (V–VIII სს.), მ. შ. ბევრია ნაწყვეტი ახალი აღთქმიდან. ამ ტექსტების დათარიღება შესაძლებელია მეტად თავისებური ენობრივი ფორმით (ხანმეტობითა და ჰაემეტობით), რ-ებიც IX ს-ში უკვე ხმარებიდან გამოსული უნდა იყოს. ხანმეტ და ჰაემეტ ფრაგმენტებში დაცული მასალები ზოგჯერ მთლიანი ბიბლიური წიგნების ნაწილებს წარმოადგენს, ზოგჯერ კი – ლექციონარისას. ოშკის ანუ ათონის ბ. წარმოადგენს ძველი აღთქმის წიგნების დღეს ცნობილ ყველაზე ადრეულ ნუსხას, რ-იც მოღწეულია მეტ-ნაკლებად დაზიანებული და ნაკლული სახით. იგი გადაწერილია ოშკის ლავრაში 978, ათონის ქართველთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებლის იოანე თორნიკე-ყოფილის დაკვეთით და დაცულია ათონზე. XIX ს-ში იგი ცოტა ხნით ჩამოიტანეს საქართველოში და მისი ხელნაწერი პირი გადაიღეს, მაგრამ მეცნ. კვლევისათვის იგი ხელმისაწვდომი გახდა XX ს. დასაწყისიდან, როდესაც რუს. მეცნ. აკადემიისათვის ხელნაწერი მთლიანად გადაიღეს ფოტოგრაფიულად. ოშკის ბ. თავდაპირველად 3 წიგნად ყოფილა აკინძული და შეიცავდა: I ტომი – დაბადების, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულის, ისუ ნავეს, მსაჯულთა, რუთისა და იობის წიგნებს. II ტომი – I–IV მეფეთა, იგავთა, ეკლესიასტეს, ქებათა ქების, სოლომონის სიბრძნის, ზირაქისა და მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებს, III ტომი – დიდ წინასწარმეტყველთა, I ეზრას, ეზრა-ნეემიას, IV ეზრას, ესთერისა და ივდითის წიგნებს. ხელნაწერში არ შეუტანიათ ფსალმუნი (შესაძლოა იმიტომ, რომ ლიტურგიკული ხმარებისათვის ფსალმუნთა წიგნის ცალკე ნუსხები არსებობდა), ნეშტთა და მაკაბელთა წიგნები. შესაძლოა, არ იყო აგრეთვე ტობის წიგნი, რ-იც განსხვავებული ხელითაა შეტანილი ერთ-ერთი ტომის ბოლოს. მას შემდეგ, რაც I ტომი დაზიანდა (მას დააკლდა ფურცლები დასაწყისში და შიგადაშიგაც, მთლიანად დაიკარგა რიცხვთა, მეორე სჯულისა და ისუ ნავეს წიგნები), დარჩენილი ნაწილი III ტომთან ერთად აიკინძა და დღესაც ამ სახით არსებობს.
ფსალმუნის უძველესი ნუსხები X ს-ისაა, თუმცა ტექსტი გაცილებით უფრო ადრე – IV–V სს-ში – უნდა იყოს ნათარგმნი. XI ს-მდე იყენებდნენ ამ ძვ. ტექსტს, ე. წ. „ქართულ დავითნს“, შემდგომ კი იგი ხმარებიდან განდევნა გიორგი მთაწმიდლის თარგმანმა, რ-იც საყოველთაოდ დამკვიდრდა საეკლ. პრაქტიკაში.
ბიბლიურ ტექსტებს შეიცავენ ძველი ლექციონარები (პარიზსა – X ს., ლატალისა – X ს., კალასი – X ს. და სინური – 932), რ-ებშიც საკითხავები ბ-იდან დალაგებულია ლიტურგიკული რიგის მიხედვით. ლექციონარები საინტერესო მონაცემებს იძლევა უძველესი თარგმანების ტექსტზე დაკვირვებისათვის. ლექციონარების ტექსტთაგან ზოგიერთი ოშკური ტიპისაა, რიგ შემთხვევაში კი პარალელს პოულობს გვიანდ. ნუსხების ტექსტთან, რაც უკანასკნელის სიძველეს ადასტურებს.
„გელათური ბიბლია“ XII ს-ისაა. იგი შეიცავს ძველი აღთქმის წიგნების ნაწილს (არსებობს ორი ნუსხა, ორივე ნაკლულია). „გელათური ბიბლია“, რ-შიც ბიბლიურ ტექსტს ერთვის მრავალრიცხოვანი განმარტება – კატენები, ე. წ. „ელინოფილური“ მიმართულების მიმდევრებს გაუმართავთ, ამიტომ მისი ტექსტი ბევრ თავისებურებას გამოავლენს, თუმცა სავარაუდებელია, რომ რედაქციულად იგი ოშკურ ბ-ს ბევრგან უახლოვდება.
XVII ს-ში ს.-ს. ორბელიანი შეეცადა ხელახლა შეეკრიბა ბ-ის მთლიანი ტექსტი. იგი ერთადერთი ნუსხით არის შემონახული. „საბას ბიბლია“ (ანუ „მცხეთური ხელნაწერი“) რთული შედგენილობისაა. ცალკეული წიგნები რედაქციულად ძალზე ძველია (ოშკური ტიპისა), წინასწარმეტყველთა წიგნები საბას „გელათური ბიბლიის“ მიხედვით გაუმართავს; სხვა ნაწილებშიც ჩანს, რომ საბას ტექსტი უსწორებია და ამისათვის უცხოენოვანი წყაროებიც გამოუყენებია, სხვადასხვა ნაკლული ადგილი შეუვსია, მაგრამ წყაროები არ მიუთითებია. შესაძლოა, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ბიბლიურ წყაროთაგან სწორედ „საბას ბიბლიამ“ გვიჩვენოს ყველაზე თვალნათლივ ის ცვლილებები, რასაც განიცდიდა ქართული ბიბლიური წიგნები რედაქტირების დროს. ირკვევა, რომ საბას გამოუყენებია ძვ. ლექციონარებიც და გიორგი მთაწმიდლის „საწინასწარმეტყველოც“.
არსებობს ბიბლიურ წიგნთა სხვა, შედარებით გვიანდ. ნუსხები, რ-ებიც ძველი აღთქმის ამა თუ იმ ნაწილს შეიცავენ. მათი ტექსტი რედაქციულად ბევრად ძველია. ახალი აღთქმის უძველესი ხელნაწერები (ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების შემდეგ) IX–X სს-ისაა. ჩვეულებრივ ახალი აღთქმის ხელნაწერები გაყოფილია: ცალკეა სახარებისა (ოთხთავი) და ცალკე – სამოციქულო. ოთხთავის უძველესი ნუსხებია: ადიშისა (897), ურბნისისა (906), ოპიზისა (913), ჯრუჭისა (936), პარხლისა (973), ტბეთისა (995), ბერთისა (988-მდე). ყველა ამ ნუსხაში (ადიშურის გარდა) ტექსტი ძირითადად ერთი ტიპისაა, ახლოა ხანმეტი და ჰაემეტი ფრაგმენტების ტექსტთან და წარმოადგენს ე. წ. ქართულ პროტოვულგატას.
სამოციქულოს უძველესი ნუსხებიც X საუკუნისაა. ახალი აღთქმის ტექსტი მთლიანად XI ს-ში არის რედაქტირებული გიორგი მთაწმიდლის მიერ (ზოგიერთი შესწორება მასში ეფრემ მცირესაც შეუტანია). გიორგისეული ტექსტი იმთავითვე კანონიკურად იყო მიჩნეული ქართ. საეკლ. პრაქტიკაში.
ქართ. ბ-ის პირველი სრული ბეჭდური ტექსტი (ნუსხური შრიფტით) ძველი და ახალი აღთქმის შემცველი, 1743 გამოვიდა მოსკოვში. გამომცემლებმა ბაქარ და ვახუშტი ბაგრატიონებმა ამ წიგნისათვის გამოიყენეს მრავალი სხვადასხვა მასალა: წიგნის წინასიტყვაობასა და ბოლოსიტყვაობაში ისინი აღნიშნავენ მათი დროისათვის „განრყუნილ“, „დაკარგულ და დაკლებულ“ წიგნთა შევსებასა და განმართვას, „ვითა განმართულ იყო რუსთაგან“. ერთი ნაწილი ბიბლიური წიგნებისა ამ გამოცემაში ძვ. წყაროებს მისდევს; ამასთან ერთად წინასწარმეტყველთა წიგნებისათვის მათ ნაწილობრივ „გელათური“ ტექსტიც გამოუყენებიათ, ხოლო ისუ ზირაქისა და მაკაბელთა წიგნებისათვის – არჩილ მეფის მიერ სლავურიდან ნათარგმნი ტექსტი, რ-იც მეტად მძიმეა და ბევრ ადგილას გაუგებარი. რუს ბ-ის მიხედვით სწორების გამო ტექსტში სხვაგანაც არის გაპარული სლავიზმები. გამოცემას არ გააჩნია კრიტიკული აპარატი. ამიტომ გამოყენებული წყაროების მიგნება საგანგებო კვლევა-ძიებას საჭიროებს. იგივე ითქმის 1884 დაბეჭდილ ძველი აღთქმის ორტომეულზე. მოკლე წინასიტყვაობაში ნათქვამია, რომ წიგნში გამოქვეყნებულია 1743 გამოცემის შესწორებული ტექსტი. შესწორებები, როგორც აღნიშნულია იმავე წინასიტყვაობაში, შეუტანიათ ათონური ხელნაწერიდან (რ-საც გამომცემლები ექვთიმე მთაწმიდლის ნამუშევრად მიიჩნევენ). მაგრამ ამ შესწორებათა ხასიათის ან რაოდენობის გარკვევა და ტექსტის რაობის დადგენა აქაც გართულებულია კრიტიკული აპარატის უქონლობის გამო. მეცნ. კვლევისათვის აგრეთვე ნაკლებ გამოსადეგია ბიბლიური წიგნების – უმთავრესად ფსალმუნისა და ახალი აღთქმის – საკმაოდ მრავალრიცხოვანი საეკლ. გამოცემები (ფსალმუნი პირველად არჩილ მეფემ დაბეჭდა მოსკოვში 1705, ოთხთავი –ვახტანგ VI-მ თავის დაარსებულ სტამბაში, თბილისში 1709), რ-ებიც XIX ს-ში და XX ს. დასაწყისში დაიბეჭდა. XIX ს. II ნახევრიდან ძვ. ქართ. მწერლობა თანდათანობით იპყრობს ქართველ და სხვა მკვლევართა ყურადღებას. ინტენს. შემკრებლობით მუშაობას მოჰყვა ბიბლიური წიგნების ძიება და გამოვლენა. მაგრამ რეალური მუშაობა ბიბლიურ წიგნთა შესასწავლად, რაც პირველ რიგში მეცნიერულად დადგენილი ტექსტების გამოქვეყნებას გულისხმობს, მხოლოდ XX ს-ში ჩატარდა. ამ საქმეში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ისე რუსი და უცხოელი მეცნიერები. 1908 ვ. ბენეშევიჩმა დაიწყო ოთხთავის ბეჭდვა – ოპიზისა და ტბეთის სახარებათა მიხედვით. ნ. მარის კონსულტაციითა და დახმარებით დაიბეჭდა მათესა (1909) და მარკოზის (1911) თავები, მაგრამ ამ წამოწყებას ხელი შეუშალა I-მა მსოფლიო ომმა. 1913 პეტერბურგში ქართვ. მეცნიერთა ჯგუფმა (ი. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, ი. ყიფშიძე) ისევ ნ. მარის თაოსნობით წამოიწყო ათონური ნუსხის ტექსტის ბეჭდვა, მაგრამ ამ წამოწყებასაც ომმა შეუშალა ხელი. 1916 ფოტოტიპურად გამოიცა ადიშის ოთხთავი (ე. თაყაიშვილი).
დღესდღეობით ქართ. ბიბლიური ტექსტები საკმაოდ კარგად არის მეცნიერულად გამოცემული. მათ მიმართ ინტერესს მრავალი გარემოება განსაზღვრავს: ბიბლიური წიგნები უდიდეს გავლენას ახდენდა ქართ. სალიტ. ენის განვითარებაზე, ქრისტიანული მწერლობისათვის სწორედ ბ. წარმოადგენდა იმ მოდელს, რ-საც იგი ეყრდნობოდა ენისა და პოეტიკის მხრივ მრავალი საუკუნის განმავლობაში; ძველი და ახალი აღთქმის წიგნები შეიცავს უმდიდრეს ლექსიკას, რომლის ცოდნის გარეშეც შეუძლებელია ქართ. ენის ისტორიის კვლევა. ის გარემოება, რომ ქართ. ბ-ის თარგმანებს შორის არსებობს ძალზე ადრეულიც, დიდად მნიშვნელოვანია ბიბლიური წიგნების საერთო ისტორიის კვლევისათვის – მათი თარგმნის, რედაქციისა და ურთიერთდამოკიდებულების საკითხის გასარკვევად. სწორედ ამიტომ ქართ. ბ-ის თარგმნის ისტორია ქართ. ბ-ის შესწავლის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს. ჩატარებულმა ძიებამ გვიჩვენა, რომ ქართული ბ-ის ისტორიის სრული შესწავლისათვის აუცილებელია ცალკეული წიგნებისა და რედაქციების შესწავლა, რადგან თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს. ზოგადი დასკვნების გამოტანა ამა თუ იმ წიგნის რომელიმე ადგილის მიხედვით ქართული ბ-თვის არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ უძველეს თარგმანებშიც გამოიყოფა სხვადასხვა რედაქციული ფენა. ეს გარემოება ჯერ კიდევ რ. ბლეიკმა აღნიშნა ჩვენი საუკუნის 20-იან წლებში და შემდგომმა კვლევამაც დაადასტურა. ძვ. ქართ. ვერსიებს ატყვია ბერძნულის, სომხურის, ზოგჯერ სირიულის კვალიც, მაგრამ ყოველი წიგნისათვის საგანგებო ძიებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რომელი და რა დროინდელი მთარგმნელობითი ტრადიცია დომინანტობს მასში. XIX ს-ში და XX ს. დასაწყისში ზოგიერთი ქართველი ავტორის (თ. ჟორდანია, პ. ინგოროყვა) აზრი, რომ ქართული ძველი აღთქმა ნათარგმნია უშუალოდ დედნიდან (ებრაულიდან), თანამედროვე ტექსტოლოგიური ძიებით არ დასტურდება. 1989 საქართველოს საპატრიარქომ გამოსცა ბ-ის ახალი თარგმანი.
ტექსტი: ბიბლია [ძველი და ახალი აღთქმა], თბ., 1989; წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი, ა. შანიძის გამოც., ტ. 1, ნაკვ. 1–2, თბ., 1947–48; იგივე, ილ. აბულაძის, ბ. გიგინეიშვილის და სხვ. გამოც., ნაკვ. 1–3, თბ., 1989–91; მცხეთური ხელნაწერი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა დაურთო ელ. დოჩანაშვილმა, ნაკვ. 1–5, თბ., 1981–86; ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები, მ. შანიძის გამოც., [წგ.] 1, თბ., 1960; ფსალმუნნი, ე. ჭელიძის გამოც. თბ., 2006; ეზეკიელის წიგნის ძველი ქართული ვერსიები. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო თ. ცქიტიშვილმა, თბ., 1976 (ოშკური და გელათური ვერსიები); ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ოთხთავის მიხედვით (897, 936 და 973), ა. შანიძის გამოც., თბ., 1945; ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, გამოსცა ი. იმნაიშვილმა, თბ., 1979; საქმე მოციქულთა. X–XIV საუკუნეთა ხელნაწერის მიხედვით, ი. აბულაძის გამოც., თბ., 1950; კათოლიკე ეპისტოლენი. ქართული ვერსიები, ქ. ლორთქიფანიძის გამოც., თბ., 1956; პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები, გამოსცეს ქ. ძოწენიძემ და კ. დანელიამ, თბ., 1974; იოანეს გამოცხადება და მისი თარგმანები. ძველი ქართული ვერსია, ტექსტი გამოსცა ი. იმნაიშვილმა, თბ., 1961; იერემიას წინასწარმეტყველების ძველი ქართული ვერსიები, კ. დანელიას გამოც., თბ., 1992; ძველი ქართული ახალი აღთქმაჲ, ე. ჭელიძის გამოც., თბ., 2017; სახარებაჲ ოთხთავი ე. ჭელიძის გამოც., თბ., 2019; ძველი ქართული ბიბლია, ე. ჭელიძის გამოც., თბ., 2015; The old Georgian version of the Prophets. Critical edition by Robert P. Blake and Maurice Briére. – Patrologia Orientalis, t. 29, fasc. 2 – 5; t. 30, fasc. 3, Paris, 1963 (ქართული ტექსტი ლათინური თარგმანით, პარიზი, 1961); L’ancienne version géorgienne des Actes d’Apôtres, par G. Garitte, Louvain, 1955.
ლიტ.: შ ა ნ ი ძ ე მ., ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები, თბ., 1979; Б л э й к Р. П., О древнегрузинских версиях Ветхого Завета, «Известия Кавк. отделения Моск. археол. об-ва», 1921б в. 6; მისივე, Ancient Georgian versions of the Old Testament, «Harvard Theological Review», 1926, v. 19, № 3.
მ. შანიძე