ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია (ბერძნ. biblion – წიგნი და graphō – ვწერ), სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის დარგი; ამზადებს და საზ-ბას აცნობს ინფორმაციას ბეჭდურ ნაწარმოებთა შესახებ. მისი ფუნქციაა აწმყოსა და წარსულში გამოცემული ბეჭდური პროდუქციის აღრიცხვა-რეგისტრაცია და მასზე განსაზღვრული სისტემით ინფორმაციის მიწოდება პროფ., სამეცნ. და საწარმოო საქმიანობაში დახმარების მიზნით; განათლების, სოც. და კულტ. აღზრდის, წიგნის საქმის მართვისა და ბეჭდური პროდუქციის რეალიზაციისათვის ხელის შეწყობა და სხვ.

განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა ბ-ის სახეები–სახელმწ., სამეცნ.-დამხმარე, სარეკომენდაციო (საზ. დანიშნულების მიხედვით), მიმდინარე, რეტროსპექტული, პერსპექტიული (დროის მიხედვით), ზოგადი, დარგობრივი, თემატური, მხარეთმცოდნეობის (შინაარსის მიხედვით) და სხვა.

ტერმინი „ბ.“ წარმოიშვა ძვ. საბერძნეთში. თავდაპირველად იგი „წიგნთმწერლობას“ აღნიშნავდა. წიგნთა აღწერის მნიშვნელობას იძენს გვიანანტიკურ ევროპაში, სადაც უკვე შუა საუკუნეებში ძირითადი ბიბლიოგრაფიული ნაშრომები იქმნებოდა საეკლესიო მოღვაწეთა ლექსიკონების სახით. XVII ს-ში სიტყვა „ბ.“ პირველად იხმარეს ბიბლიოგრაფიული ცნობარის სახელწოდებაში („Bibliographia Parisina”). 1895 ბრიუსელში დაარსდა საერთაშ. ბიბლიოგრაფიული ინ-ტი, სადაც დამუშავდა უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაციის დეტალური სქემა. XX ს-ში განვითარდა ბ-ის ყველა სახეობა. ამჟამად ცოდნის ყველა დარგი უზრუნველყოფილია საერთაშ. ბიბლიოგრაფიული საცნობარო წელიწდეულით.

საქართველოში ბ. ძვ. ქართ. მწერლობის პარალელურად ვითარდებოდა. X– XVIII სს. ხელნაწერებში გვხვდება ბ-ის ნიმუშები ისტ., ბიბლიოგრაფიული და ბიობიბლიოგრაფიული ცნობების, წინაბჭეებისა და ანდერძების ან ცნობილი ლიტ. კერის წიგნადი ფონდის ნუსხის სახით, რ-იც ხშირად საინვენტარო დავთარს წარმოადგენდა. ნ. მარმა სინის მთაზე № 92 ხელნაწერში აღმოაჩინა სამონასტრო კატალოგის ფრაგმენტი, სადაც აღნუსხულია 52 ტომისაგან შემდგარი 22 სახელწოდების ხელნაწერი (X ს.). პირველი დასრულებული ბიბლიოგრაფიული ნაშრომია იოანე ათონელის (მთაწმიდლის) მიერ შედგენილი ექვთიმე ათონელის (მთაწმიდლის) შრომების ნუსხა (1002 წ.). გიორგი ათონელს (მთაწმიდელს) ექვთიმეს ბიოგრაფიისათვის დაურთავს მისი შრომების სია, ხოლო თვით გიორგი ათონელის შრომების სია მოჰყავს მის ბიოგრაფს – გიორგი ხუცეს-მონაზონს (XI ს.). XI ს. II ნახევარში შეიქმნა ეფრემ მცირის ქართ. ანალიტიკური ბ-ის ძეგლი „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცეჳსასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების“. ბიბლიოგრაფიულ ცნობებს ვხვდებით აგრეთვე იოანე პეტრიწის ნაშრომებში (XII ს.), შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში (XII ს.), ბაგრატ ბატონიშვილის ნაშრომში „მოთხრობა სჯულთა უღმრთოთა ისმაიტელთა“ (XVI ს.), არჩილ მეფის „არჩილიანში“ (XVII ს.), ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობაში“ (XVIII ს. 50–60 წწ.) და სხვ. ქართ. მწიგნობრულ ტრადიციებზე მეტყველებს ე. წ. „მზითვის წიგნები“, რ-ებიც XVI ს-იდან გვხვდება; მათში ნივთებთან ერთად აღწერილია ქართ. ხელნაწერებიც, ზოგჯერ სისტემატიზებული სახით, დანიშნულების მიხედვით – „სასულიერონი“ და „საერონი“. ამ მხრივ საინტერესოა ანუკა ბატონიშვილის „მზითვის წიგნი“ (1712) და სხვ. მოსკ. ქართულ სტამბაში დაბეჭდილ „დავითნსა“ (1764) და „სახარება გამოკრებულში“ (1766) არის ბიბლიოგრაფიული ცნობები ათანასე ამილახვრის სტამბაში დაბეჭდილი წიგნებისა და მათი ტირაჟის შესახებ. ასეთივე ცნობები აქვს დართული ერეკლე II-ის მბეჭდავის – ქრისტეფორე კეჟერაშვილის მიერ გამოცემულ წიგნებსაც. XIX ს. ბიბლიოგრაფიულ ნაშრომთა შორის აღსანიშნავია დავით რექტორის მიერ 1810 შედგენილი ძვ. მწერლობის კატალოგი, რ-იც 270 სახელწოდებას მოიცავს (უმთავრესად ხელნაწერებისას). 1813–28 დაიწერა იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“, რ-იც მისივე „კალმასობის“ ნაწილია. როგორც იონა ხელაშვილისადმი მიწერილი ბარათიდან ირკვევა, სოლომონ დოდაშვილს შეუდგენია 600-მდე ქართ. წიგნის „რეესტრი“ და ამომწურავი მასალა დაურთავს თითოეული აღწერილობისათვის (ეს ბიბლიოგრაფიული ნაშრომი ჯერჯერობით არ არის მიგნებული). XIX ს-ში გაცხოველდა ინტერესი ქართ. ხელნაწერებისადმი. მათ ბიბლიოგრაფიულ აღწერაზე მუშაობდნენ პეტერბ. უნ-ტის პროფესორები დ. ჩუბინაშვილი, ა. ცაგარელი, ნ. მარი და ამავე უნ-ტის ქართული სამეცნ. წრის წევრები ი. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. თბილისში დაიწყო ქართ. ხელნაწერთა და ძვ. ნაბეჭდ წიგნთა კოლექციების ბიბლიოგრაფიული დამუშავება. თბილ. საეკლ. მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა ორ ნაკვეთად შეადგინა თ. ჟორდანიამ (1902–03); მ. ჯანაშვილმა გააგრძელა ეს საქმე და გამოსცა მესამე ნაკვეთი, რ-საც დაურთო საძიებელი სამივე ნაკვეთისათვის (1908). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართ. ხელნაწერთა მდიდარი კოლექციის საერო შინაარსის ხელნაწერები ორ ტომად აღწერა ე. თაყაიშვილმა (1902–04).

ქართ. წიგნის ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები სხვადასხვა სახისაა: წიგნით ვაჭრობის კატალოგები გ. ჩარკვიანისა და ამხანაგობის ქართ. წიგნის მაღაზიისა (1881 და 1888), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წიგნის მაღაზიისა (9 წიგნი, 1889–1914), გამომც. „ალიონისა“ (1909), თ. მთავრიშვილის და ამხანაგობის (ქუთ., 1910 და 1912), კ. ოცხელის და ამხანაგობის (ქუთ., 1915) წიგნის მაღაზიებისა, რუსულ-ქართული კატალოგი ბ-კა-სამკითხველოსი (1912), კატალოგი ქართ. კლუბის ბ-კისა (1919). 1883 გამოიცა საცენზურო კომიტეტის თანამშრომლის გ. შანშიევის „ქართული წიგნების და ბროშურების ქრონოლოგიური მაჩვენებელი“, მოიცავს 1629–1883 მასალას, რ-იც აღწერილია ქართ. და რუს ენებზე.

არსებობს დართული ბ-ის ნიმუშები (პ. იოსელიანი, დ. ბაქრაძე), დართული ბიბლიოგრაფიული მიმოხილვები და სხვ.

ქართ. ბ-ის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავის კატალოგებს. 1887 გამოვიდა ნ. მთვარელიშვილის მიერ შედგენილი კატალოგი, 1905 – დ. კარიჭაშვილისა, 1911 კი გამოიცა მისი დამატება. ამ გამოცემამ თავისი სისრულით და მასალის მეცნ. აღწერილობით ხელი შეუწყო ქართ. წიგნის ისტ.-მეცნ. კვლევას.

ბ-ის როლისა და ბიბლიოგრაფიული მუშაობის მნიშვნელობის შესახებ არაერთხელ გამოუთქვამთ თავისი აზრი ი. ჭავჭავაძეს, ივ. ჯავახიშვილს და სხვა ქართვ. მოღვაწეებს. 1904 ჟურნ. „მოამბის“ იანვ. ნომერში წარმოდგენილი იყო 1894–1903 გამოცემული მთელი მასალის ბ. სახელწოდებით „მოამბის შინაარსი წარსულის ათი წლისა“. ეს იყო ქართ. პერიოდული გამოცემის ანალიტიკური ბიბლიოგრაფირების პირველი ცდა. 1916 პეტერბურგის (პეტროგრადის) უნივერსიტეტის ქართულმა სამეცნიერო წრემ ივ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით გამოსცა „ქართული ბიბლიოგრაფია. I (1852–1910)”, რ-იც ქართ. პერიოდიკის სისტემატიზებულ ანალიტიკურ აღწერილობას წარმოადგენს.

1924 გაიხსნა სახლმწ. ბ-ის ცენტრი – საქართვ. წიგნის პალატა (1991-იდან – ს.-ს ორბელიანის სახ. საქართველოს სახელმწ. სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება წიგნის პალატა). სავალდებულო ცალის შესახებ მოქმედი კანონით, იგი თავს უყრის საქართვ. ტერიტორიაზე გამოცემულ ბეჭდურ პროდუქციას და აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე გამოცემების შესახებ ბიბლიოგრაფიულ პერიოდულ გამოცემებში – მატიანეებში. 1926-იდან გამოსცემს „წიგნის მატიანეს“, 1934-იდან – „გაზეთის სტატიების მატიანეს“, 1939-იდან – „ჟურნალის სტატიების მატიანეს“, გამოსცა „ბიბლიოგრაფიის მოამბე“, 3 ტომი 5 წიგნად, თბ., 1940–48. დიდი სამუშაო ჩაატარა წიგნის პალატამ ქართ. წიგნის რეტროსპექტული ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლების შედგენაზე, გამოსცა „ქართული წიგნი“ – ბ. სამ ტომად, რ-იც მოიცავს 1629–1950 წწ. მასალას (გამოვიდა 1941–64 და დამატებითი ტ. – 1969).

მნიშვნელოვანი ნაშრომები შეიქმნა ქართ. პერიოდიკის ბ-ში. 1947 წიგნის პალატამ გამოსცა გ. ბაქრაძის მიერ შედგენილი „ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია“, რ-იც 1819–1945 მოიცავს. თსუ-ის გამომცემლობამ რუს. ენაზე გამოსცა ა. აბრამიშვილის „ქართული პერიოდიკა“ (1968). იგი ასახავს სანქტ-პეტერბურგის მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახ. საჯარო ბ-კის ქართ. პერიოდული გამოცემების ფონდს; მოიცავს 1828– 1917 მასალას.

1930-იანი წლებიდან ქართ. პერიოდული გამოცემების რეტროსპექტული ანალიტიკური ბ-ის შედგენაზე მუშაობს საქართვ. ეროვნული ბ-კის მხარეთმცოდნეობის განყ-ბა. გამოცემულია „ქართული ჟურნალისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია (1852–1905)“, ნაკვ. 1–3 (გამოიცა 1940–44) და „ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია (1819–1906)“ 7 ტომად (გამოიცა 1952–75). ამ უკანასკნელის I ტომად პირობითად მიჩნეულია ა. კასრაძის „პირველი ქართული გაზეთის ანალიტიკური ბიბლიოგრაფია“ (1942) და ა. აბრამიშვილის „ტფილისის უწყებანის“ ანოტირებული ბ. („ბიბლიოგრაფიის მოამბე“, 1948, № 4–5). ქართ. პერიოდიკის რეტროსპექტული ანალიტიკური ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებიდან აღსანიშნავია ვ. ჯოჯუას მიერ შედგენილი ჟურნ. „მნათობის“ ანალიტიკური ბიბლიოგრაფიული მაჩვენებელი, რ-იც 1924–54 მოიცავს (1956). 1955–70 და 1971–82 მასალა აღწერა და გამოსცა საქართვ. მეცნ. აკადემიის ცენტრ. სამეცნ. ბ-კამ (1975 და 1985). სამეცნ.-დამხმარე ბ-ზე მუშაობენ დარგობრივი ბ-კები და წიგნის პალატა. 1930 გამოვიდა წიგნის პალატის წელიწდეული – სამეცნ. ლიტ-რის ბიბლიოგრაფიული მაჩვენებელი „Bibliographia Georgica”. განსახკომის სამმართველოს ბიბლიოთეკათმცოდნეობის კაბინეტი გამოსცემდა სერიას „საცნობოები“, რ-ის პირველ ნომრად დაბეჭდილია ვ. კახიანის „მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები“ (ქართ. ენაზე არსებული მსოფლიო ლიტ-რის ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფიული საძიებელი ანოტაციებითურთ, 1937). ამ სერიით გამოიცა „მასალები ამიერკავკასიის ბიბლიოგრაფიის ბიბლიოგრაფიისათვის“ 5 ნაკვეთად (1937–40). 1947–51 გამოვიდა 3 სამეცნ.-დამხმარე ბიბლიოგრაფიული მაჩვენებელი: „მედიცინა“, „სოფლის მეურნეობა“ და „ტექნიკა“ (მოიცავს 1921–46), შემდგენლები: საქართვ. რესპ. სამედ. ბ-კა (1988-იდან სამეცნ.-სამედ. რესპ. ცენტრის შემადგენლობაშია), სას.-სამ ინ-ტის (ახლანდ. საქართვ. აგრარული უნ-ტი) ბ-კა და საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის (ახლანდ. საქართვ. ტექ. უნ-ტი) ბ-კა. 1961 გამოვიდა ა. კასრაძის „თბილისის უნივერსიტეტის გამოცემათა ბიბლიოგრაფია“ (1919–60). 1972–86 გამოიცა 5 ნაკვეთი, რ-ებიც 1960–85 მასალას მოიცავს (შემდგენლები: ე. თოხაძე, ლ. საპანაძე, ნ. ჩხიკვიშვილი). თსუ-ის გამომცემლობამ 1987 გამოსცა თ. ნაკაშიძისა და ი. გორგოძის მიერ შედგენილი „ვაჟა-ფშაველა ბიბლიოგრაფია“ (მოიცავს 1879–1979). 1958 გამოქვეყნდა გ. კაჭარავასა და გ. თოფურიას „ბიბლიოგრაფია იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ არსებული საენათმეცნიერო ლიტერატურისა“, I ტ. 1959–89 გამოქვეყნდა ა. ოთაროვას „ქართული შექსპირიანა“ (ამავე სახელწოდების ხუთტომეულში) და სხვ.

საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. ცენტრ. სამეცნ. ბ-კასა და აკადემიის ინ-ტების ბ-კებში შექმნილი ქართ. სამეცნ. ლიტ-რის ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები სამეცნ. ლიტ-რის ბიბლიოგრაფიული წყაროა; მ. შ. არის „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამოცემათა ბიბლიოგრაფია“, რ-იც მოიცავს 1937–77 მასალას (7 ტომი, გამოიცა 1959–82). მეორე მნიშვნელოვანი გამოცემაა „ქართველ მეცნიერთა ბიობიბლიოგრაფია“ (პერსონალური ბიბლიოგრ. მაჩვენებელი); ამ სერიის გამოცემა დაიწყო 1976. გამოქვეყნებულია 64 წიგნი. 1987 გამოიცა «ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკის“ ანალიტიკური ბიბლიოგრაფია (1949–80)». აღსანიშნავია გამოცემული ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები: ე. არჯევანიძის მიერ შედგენილი «ანოტირებული ბიბლიოგრაფია გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებული ქართული ხალხური სიტყვიერების მასალისა» (1965) და «ანოტირებული ბიბლიოგრაფია „СМОМПК“-ში გამოქვეყნებული ქართული ხალხური სიტყვიერების მასალისა» (1971); ე. ვირსალაძის, ფ. ზანდუკელისა და მ. გოჩიაშვილის მიერ შედგენილი „ქართული ფოლკლორის მოკლედ ანოტირებული ბიბლიოგრაფია (1829–1901)“, ნაწ. I (1973), გ. კაჭარავას „ფონეტიკური ლიტერატურის ბიბლიოგრაფია“ (1980). „პოეტ-აკადემიკოსი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი“ გამოვიდა 1977–86 წლებში 5 წიგნად (შემდგენლები: თ. მაჭავარიანი, თ. ნაკაშიძე, ლ. ხევსურიანი, ნ. გრიგორაშვილი, პ/მგ. რედაქტორი ს. ხუციშვილი). საქართვ. მეცნ. აკად. საზ. მეცნ. დარგში სამეცნ. ინფორმაციის ცენტრი 1970-იდან გამოსცემს დარგობრივ ბიბლიოგრაფიულ წელიწდეულებს ისტ., ეკონ., სამართლის., ფილოს., ხელოვნ. და ფილოლ. მეცნ. დარგებში სახელწოდებით: „ისტორია და ხელოვნებათმცოდნეობა“, „ფილოსოფია“, „ეკონომიკა და სამართალი“, „ფილოლოგია“. (1990-მდე გამოდიოდა „მეცნიერული კომუნიზმის“ სერიაც).

საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. ცალკეული ინ-ტების ბიბლიოგრაფიულ მაჩვენებელთაგან აღსანიშნავია 1968 გამოქვეყნებული „რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის გამოცემათა ბიბლიოგრაფია“ (1935–1966, შემდეგ. ლ. პატარაია) და გ. მიქაძის „ძველი ქართული მწერლობის ბიბლიოგრაფია“. II (მოიცავს 1921–65). საქართვ. მეცნ. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინ-ტის 30 წლისთავს მიეძღვნა ინ-ტის თანამშრომელთა ნაშრომების ბ., რ-იც მოიცავს 1941–71 წლების მასალას. 1966 ცალკე წიგნად გამოვიდა „აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გამოცემათა ბიბლიოგრაფია“ (მოიცავს 1875–1964), 1970 გამოიცა „ქართული ხელოვნების ისტ. ინ-ტის თანამშრომელთა დაბეჭდილი შრომების ანოტირებული ბიბლიოგრაფია, 1941–68“ (რუს. ენაზე, შემდგენელი თ. ბარნაველი). სამეცნ. და სასწ.-პედ ბიბლიოგრაფიულ მაჩვენებლებს გამოსცემს ი. გოგებაშვილის სახ. სახალხო განათლების ბ-კა. 1940 და 1961 გამოიცა ი. გოგებაშვილის ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები, 1957 – „ქართული საანბანო წიგნის ბიბლიოგაფია“. საბავშვო წიგნის სახლმა გამოსცა სერია „ისმინე, სწავლის მძებნელო!“; 1972–88 გამოიცა 10 ბიბლიოგრაფიული მაჩვენებელი „რა წავიკითხო...“ საქართვ. ისტ. წარსულზე, მუსიკაზე, სპორტზე, ხელოვნებაზე და ა. შ. 1977 გამომც. „ნაკადულმა“ გამოსცა თ. ბაქრაძისა და ნ. ლაიშვილის „ქართული საბჭოთა საბავშვო ჟურნალების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია (1924–45)“, 1974 – ი. გორგოძისა და მ. თომაძის „ქართული საბჭოთა საბავშვო წიგნი. ანოტირებული ბიბლიოგრაფია“ (მოიცავს 1921–70). 1987 გამოვიდა კ. რამიშვილის, ფ. კვაჭანტირაძის „ქართული საბავშვო ჟურნალების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია“, ნაწ. I, რ-შიც 1881–1927 მასალაა ასახული. საქართვ. სახელმწ. წიგნის პალატამ მნიშვნელოვანი რეტროსპექტული ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა: ქართვ. მწერალთა – ნ. ბარათაშვილისა და ა. ჭავჭავაძის (შემდგენელი მ. ჯიღაური); გ. ორბელიანის, დ. გურამიშვილის, ა. ჭავჭავაძის (II გამოც.) პერსონალური ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები; „ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფია“ (შემდგენელი თ. კუცია-ღვალაძე); ლ. კარბელაშვილის „მეხილეობა საქართველოში“, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემათა ბიბლიოგრაფია, 1881–1921“ (შემდგენლები თ. ნაკაშიძე, ი. გორგოძე, 1981), „ქართული მეომრები საბჭოთა, ხალხის დიდ სამამულო ომში“, 3 ნაკვეთად (1945–46 ვ. გოგოლაძის რედ.), „ილია ჭავჭავაძე. ბიბლიოგრაფია, 1857–1907“ (შემდგენლები თ. ნაკაშიძე, ნ. კორძაია, 1966). მნიშვნელოვანი ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები შეიქმნა საბუნებისმეტყველო-მათ. და ტექ. მეცნიერებათა დარგებში (თსუ, საქართვ. ტექ. უნ-ტის, საქართვ. მეცნ. აკად. ბ-კების გამოცემები).

სარეკომენდაციო ბ-ის ცენტრია საქართვ. ეროვნ. ბ-კა, რ-იც გამოსცემს სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიულ მაჩვენებლებს მასობრივი ბ-კების დასახმარებლად: საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მხარეთმცოდნეობის საკითხებზე და სხვ.

ბ-ის ისტ., თეორ. და პრაქტ. საკითხებზე სისტემატურად მუშაობს თბილ. ს.-ს ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბ-ის კათედრა. ქართ. ბ-ის ისტორიის დადგენის პირველი ცდაა ი. ციციშვილის – „ქართული ბიბლიოგრაფიის ისტორიისათვის“.

ლიტ.: ბ ა ქ რ ა ძ ე  გ., საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკების ბიბლიოგრაფიული მუშაობა, «ბიბლიოგრაფიის მოამბე», 1940, ტ. 1; მისივე, ქართული სპეციალური ბიბლიოგრაფიული ლიტერატურა, იქვე, 1948, №4–5; მისივე, ქართული ბიბლიოგრაფია როგორც წიგნმცოდნეობის დარგი, «თბილისის პუშკინის სახ. პედ. ინტის შრომები», 1949, ტ. 6; მისივე, გეორგიკა, თბ., 1960; გ ი ო რ გ ი ძ ე  გ., საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია, თბ., 1960; კ ა ხ ი ა ნ ი  ვ., ანოტაციის საგნის საკითხისათვის, «საქართველოს სახელმწ. საჯარო ბიბლიოთეკის შრომები», 1938, ტ. 4; მისივე, ნარკვევთხრობითი ანოტაცია, «ბიბლიოგრაფიის მოამბე», 1940, №1; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  ნ., ბიბლიოთეკოლოგია, მისი საგანი და სწავლება, იქვე 1948, №4–5; მისივე, ბიბლიოგრაფიის სახეები, თბ., 1967; ო თ ა რ ო ვ ა  ა., ქართული პერიოდიკის რეტროსპექტული მაჩვენებლები, თბ., 1988; ტ ყ ა ბ ლ ა ძ ე  ზ., რუსული საბავშვო ლიტერატურის რევოლუციამდელი ქართული თარგმანების ანოტირებული ბიბლიოგრაფიული საძიებელი, თბ., 1974; ფ ო ფ ხ ა ძ ე  ქ., ო თ ა რ ო ვ ა  ა., ქართული რეტროსპექტული ბიბლიოგრაფია, თბ., 1990; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი  ი., ქართული ბიბლიოგრაფიის ისტორიისათვის, «საქართველოს სსრ სახელმწ. საჯარო ბიბლიოთეკის შრომები», 1934, ტ. 1; 1940, ტ. 5; ჭ ე ლ ი ძ ე  მ., XI ს. ქართული ბიბლიოგრაფიის მნიშვნელობა და მისი შესწავლის მდგომარეობა, «საქ. სსრ პედ. ინ-ტების შრომები», პედ.-ფსიქოლ. სერია, 1975, ტ. 1, გვ. 199 – 205; Б а к р а д з е  Г., Библиографическая работа в Грузинской ССР, «Советская библиография», 1950, в. 1; Н а к а ш и д з е  Т. Е., Ретроспективная библиография в Грузинской ССР, იქვე, 1966, №1; მისივე, Пятидесятилетие Книжной палаты Грузинской ССР, იქვე, 1971, № 1; კვლევის 70-წლიანი ისტორია, შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტის გამოცემათა ბიბლიოგრაფია (1935–2011), თბ., 2012.

ქ. ფოფხაძე