ბიბლიოთეკათმცოდნეობა

ბიბლიოთეკათმცოდნეობა, მეცნიერების დარგი, რ-იც შეისწავლის ბეჭდვითი პროდუქციით საზოგადოებრივი სარგებლობისა და კითხვის ხელმძღვანელობის ორგანიზაციას. მისი სტრუქტურული ნაწილებია ზოგადი ბ. (საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზაციის პრინციპები, ბ-კათა ტიპები, საბიბლიოთეკო ქსელი, მომსახურების სისტემა და სხვ.); საბიბლიოთეკო ფონდები (ფონდების ფორმირებისა და დაცვის საკითხები); საბიბლიოთეკო კატალოგები (ბეჭდვითი სიტყვის ნაწარმოებთა აღწერა-კლასიფიკაცია, კატალოგებისა და სხვა საძიებო სისტემების შედგენის მეთოდიკა); მუშაობა მკითხველებთან (მკითხველებთან მუშაობის მეთოდები და ფორმები, კითხვის ხელმძღვანელობა, მომსახურების ორგანიზაცია და მკითხველთა ინტერესებისა და მოთხოვნილებათა შესწავლა და სხვ.); საბიბლიოთეკო მუშაობის ორგანიზაცია და მართვა (საბიბლიოთეკო მუშაობის ორგანიზაცია და ნორმირება, აღრიცხვა-დაგეგმვა, ეკონომიკა, პროცესების ავტომატიზაცია-მექანიზაცია, მეურნეობის გაძღოლა, საბიბლიოთეკო ნაგებობები და მოწყობილობები და სხვ.); საბიბლიოთეკო საქმის ისტორია (ბეჭდვითი პროდუქციით საზ. სარგებლობის საქმის განვითარება სხვადასხვა საზ.-ეკონ. ფორმაციაში).

საზღვარგარეთის ქვეყნების ბ-ს არ გააჩნია ერთიანი თეორ. კონცეფცია, მიუხედავად იმისა, რომ დამუშავებულია ცალკეული სამეცნ. პრობლემები (საბიბლიოთეკო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საკითხები, საბიბლიოთეკო ფონდების კოორდინაციის პრინციპები, საბიბლიოთეკო შენობათა დაგეგმარება და მისთ., ძირითადად, გამოყენებითი ხასიათის საკითხები), ბ. იქ როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება არ არსებობს. ყოფილ სსრკ ქვეყნებში ტრადიციულად არსებობდა საბიბლიოთეკო და ბიბლიოგრაფიული განათლების სისტემა.

საქართველოში ბ-ს საფუძველი ჩაეყარა XIX ს. 80-იან წლებში, როდესაც დაინტერესდნენ საბიბლიოთეკო საქმის თეორიით. ამაზე მეტყველებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამწიგნობროს ხელნაწერთა აღწერის საკითხებზე ცნობილ მეცნიერთა შორის პრესაში წამოჭრილი პოლემიკა (თ. ჟორდანია, ე. თაყაიშვილი, მ. ჯანაშვილი). ძვ. ხელნაწერებისა და სიგელ-გურჯების აღწერილობის, მათი დაცვის საკითხებზე თავისი მოსაზრებები აქვს გამოთქმული ი. ჭავჭავაძეს. ნ. მთვარელიშვილმა შეადგინა „კატალოგი წიგნთსაცავისა ქართველა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოებისა“ (ტფილისი, 1887), რ-საც ორიგინ. საკლასიფიკაციო სქემა უდევს საფუძვლად. მნიშვნელოვანია დ. კარიჭაშვილის მიერ შედგენილი „კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლის საზოგადოების წიგნთსაცავისა“ (ტფილისი, 1905) და მისი I დამატება (1911), რ-იც წარმოადგენს საქართველოში საკატალოგო და ბიბლიოგრაფიული ცოდნის ორიგინ. ნიმუშს. განსაკუთრებით დიდი ადგილი ეთმობა საბიბლიოთეკო საქმის ასახვას XIX ს. დასასრ. და XX ს. დასაწყ. პერიოდულ პრესაში, სადაც წარმოდგენილია საინტერესო მეთოდური მითითებები და თეორ. მოსაზრებები. აღსანიშნავია ლ. წულაძის, ა. წულაძის, თ. კანდელაკის წერილები, რ-ებშიც გაშუქებულია მკითხველთა შესწავლისა და (ასაკის, სოც. მდგომარეობის, ინტერესების და სხვ. მიხედვით) და კითხვის ხელმძღვანელობის საკითხები. აქვე უხვად არის წარმოდგენილი უცხოეთის ბ-ის გამოცდილება. 1923 თბილ. სკოლისგარეშე განათლების სახელთან ჩამოყალიბდა ბ-ის კაბინეტი, რ-მაც გამოსცა პირველი სპეც. ჟურნ. „წიგნის მეგობარი“ (№ 1–2, 1925).

საქართველოში 30-იან წლებში შეიქმნა საბიბლიოთეკო მუშაობის გეგმიანი სისტემა, რ-იც ყოფ. სსრკ სხვა დიდმა ბ-კებმაც გადაიღეს ექსპერიმენტის წესით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ორიგინ. ბიბლიოთეკათმცოდნეობითი აზრი. ი. ციციშვილმა გამოაქვეყნა სახლმძღვანელო „კატალოგრაფია“ (1940), რ-ის საფუძველზეც ხდებოდა საქართველოში ანბანური კატალოგის მოწესრიგება, ნ. ლორთქიფანიძემ შექმნა წიგნის ფონდების აღრიცხვის ახ., დამოუკიდებელი სისტემა, გამოაქვეყნა წიგნები ბიბლიოგრაფიული კლასიფიკაციის ისტ., კატალოგიზაციის, საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზაციის, საბიბლიოთეკო შრომის ნორმირების საკითხებზე; გ. ჩხაიძე მოღვაწეობდა საგნობრივი კატალოგის დარგში; ნორმირების მეცნ. საკითხებზე მუშაობდა დ. მარკევიჩი; შ. დოლაქიძემ შეადგინა ათწილადი კლასიფიკაციის ქართ. სქემა; ათწილადი კლასიფიკაციის საკითხები დაამუშავა ვ. ჯოჯუამ; გ. ბაქრაძემ საფუძველი ჩაუყარა პერიოდიკის მეცნ. ბიბლიოგრაფირებას; ბიბლიოფილიის საკითხებს იკვლევდა გ. გიორგიძე, თ. მაჭავარიანი და სხვ. ბ-ის ცენტრად იქცა რესპ. საჯარო ბ-კა, რ-მაც 1934–40 გამოსცა შრომების 5 ტომი. ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ შემდეგი თაობის სპეციალისტებიც: ვ. უზნაძემ გამოაქვეყნა შრომები დიდი ბ-კების ისტ. შესახებ, ფ. ყურაშვილმა–მეთოდოლოგიის, საბიბლიოთეკო საქმის ისტ., ბ-კის მართვისა და ეკონ. საკითხებზე.

II მსოფლიო ომის შემდეგ ბიბლიოთეკათმცოდნეობითი მუშაობა გამოცოცხლდა მხოლოდ 60-იანი წლებიდან. ბოლო წლებში შექმნილია მონოგრაფიული ნაშრომები საბიბლიოთეკო საქმის ისტორიის, ანბანური კატალოგის, მკითხველთა მომსახურების, ბავშვთა კითხვის ორგანიზაციის დარგში. გამოცემულია გამოკვლევები კითხვის ფსიქოლოგიის განხრით. განსაკუთრებით ბევრი გაკეთდა ახ. საბიბილიოთეკო-ბიბლიოგრაფიული კლასიფიკაციის შესწავლისა და დამუშავების დარგში, წიგნების დეპოზიტარული დაცვის საქმეში.

საქართველოში ბ-ის კვლევის ცენტრებია საქართვ. ეროვნ. ბ-კა, ს.-ს. ორბელიანის სახ. საქართვ. სახელმწ. სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება წიგნის პალატა, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. უნ-ტის ბ-ისა და ბიბლიოგრაფიის კათედრა და საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. სამეცნ. ბ-კა. თანამედროვე ეტაპზე დასახულია ბ-ის განვითარების პერსპექტივები: მეცნ. მოღვაწეობის კოორდინაცია, სამეცნ. პროდუქციის დროული გამოქვეყნების ორგანიზაცია, საერთაშ. უნივერს. ათწილადი კლასიფიკაციის გადამუშავება-გადმოქართულება საშ. მოცულობის ბ-კებში მისი დანგრევის მიზნით, დარგობრივი პერიოდული ორგანოს დაარსება.

ლიტ.: ბ ა ქ რ ა ძ ე  გ., ბიბლიოგრაფიული მომსახურეობის ორგანიზაცია ბიბლიოთეკებში, თბ., 1939; ბ ე რ უ ლ ა ვ ა  გ., საბავშვო ბიბლიოთეკების მუშაობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1967; გ ი ო რ გ ი ძ ე  გ., ბიბლიოთეკების დაკომპლექტება, თბ., 1940; გ ი ო რ გ ი ძ ე  გ., კ ა რ ტ ო ზ ი ა  გ., საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი, თბ., 1974; დ ო ლ ა ქ ი ძ ე  შ., ათწილადი კლასიფიკაცია, თბ., 1950; თ ა ყ ნ ი ა შ ვ ი ლ ი  გ., ბიბლიოთეკათმცოდნეობის განვითარება საბჭოთა საქართველოში (1900 – 1985 წწ.), თბ., 1989; კ ა ხ ი ა ნ ი  ვ., ბიბლიოთეკათმეცნიერების ცალკეულ დისციპლინათა, მისი საერთო სისტემის და ორგანიული წყობის საკითხისათვის, «ბიბლიოგრაფიის მოამბე», 1941, № 2–3; კ ვ ი რ ი კ ა შ ვ ი ლ ი  ლ., არალეგალური ლიტერატურა რევოლუციამდელ საქართველოში, თბ., 1973; კ ვ ი რ ი კ ა შ ვ ი ლ ი  ლ., ო ს ა ძ ე  ო., ბეჭდვით ნაწარმოებთა აღწერა და ანბანური კატალოგი, თბ., 1964; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  ნ., ბიბლიოთეკოლოგია, მისი საგანი და სწავლება, «ბიბლიოგრაფიის მოამბე», 1948, № 4–5; მისივე, ბიბლიოგრაფიული კლასიფიკაციის ისტორია, თბ., 1962; მისივე, ბიბლიოთეკათმცოდნეობა, მისი საგანი და ამოცანები, თბ., 1967; მისივე, ბიბლიოთეკის მუშაობის დაგეგმვა, თბ., 1969; ლ ო რ ი ა  ა., კითხვის ფსიქოლოგიური კვლევის შესახებ (ბიბლიოფსიქოლოგია), თბ., 1979; მისივე, მკითხველებთან მუშაობის მეთოდები და მომსახურების ორგანიზაცია, თბ., 1985; ლ ო რ ი ა  ა., გ უ რ გ ე ნ ი ძ ე  ნ., საბიბლიოთეკო საქმე საქართველოში (1921 წლამდე), თბ., 1974; მ უ ხ ა შ ა ვ რ ი ა  გ., მკითხველთა ინტერესების შესწავლის ორგანიზაცია მასობრივ და საბავშვო ბიბლიოთეკებში, თბ., 1958; ნ ა კ ა შ ი ძ ე  თ., ანბანური კატალოგი, თბ., 1949; ო ს ა ძ ე  ო., ბეჭდვით ნაწარმოებთა აღწერა, ნაკვ. 1, თბ., 1962; პ ა პ ი ძ ე  მ., ბიბლიოთეკარის პედაგოგიური ტაქტისა და დახელოვნების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1970; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე  ნ., ნაბეჭდი კატალოგები საქართველოში და მათი განვითარების პერსპექტივები (XIX–XX სს.), თბ., 1967; ყ უ რ ა შ ვ ი ლ ი  ფ., საბიბლიოთეკო საქმის განვითარება საბჭოთა საქართველოში (1921–1974) თბ., 1976; მისივე, საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზაცია და მართვა, თბ., 1982; მისივე, საბიბლიოთეკო საქმის ეკონომიკა, თბ., 1985; ჩ ხ ა ი ძ ე  გ., წიგნების კლასიფიკაცია, თბ., 1951; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ი., კატალოგრაფია, თბ., 1940; ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი  მ., ქართული წიგნი და ქართული ბიბლიოთეკა, «საქართველოს სახელმწ. საჯარო ბიბლიოთეკის შრომები», 1940, ტ. 5; ჯ ო ჯ უ ა  ვ., ათწილადი კლასიფიკაცია, ტფ., 1933.

ნ. გურგენიძე

ა. ლორია