ბიბლიოფილია

ბიბლიოფილია (ბერძნ. biblion – წიგნი და philia - სიყვარული), წიგნისმოყვარულობა. წიგნების შეგროვება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (შინაარსის, მხატვრული გაფორმების, იშვიათი გამოცემების და მისთ.). ტერმ. „ფილობიბლი“ გვხვდება I–III სს. ბერძნ. თხზულებებში; თანამედროვე ტერმ. „ბიბლიოფილი“ XVII ს. ბოლოს შემოვიდა. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, საქართველოში „ტრფიალი წიგნთაჲ“ მოხსენიებულია XI ს. ქართ. ხელნაწერებში. გიორგი ხუცესმონაზვნის სიტყვით, ბერმა იოანე პატრიკყოფილმა (თორნიკე ერისთავმა) „თავისა თჳსათჳს გარდაიწერნა წმიდანი ესე წიგნნი“ გიორგი მთაწმიდელისა... „თითოეულისა წიგნისა ზანდუკი და ანდერძი ღმრთივ-შუენიერად... აღწერა“ და დაურთო. გიორგი ხუცესმონაზონი ადასტურებს 1047–53 გადაწერილი სახარების თარგმანების ხელნაწერის ანდერძში აღნიშნულ ცნობას, რომ „ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტ მოსწრაფედ ტრფიალი წიგნთა საღმრთოთაჲ“ ყოფილა. დავით აღმაშენებელს სათანაო წიგნსაცავიც კი ჰქონია; ლაშქრობის დროსაც „სად გარდახდის ჰონესა, პირველ ყოვლისა წიგნი მოაქუნდიან ხელითა“. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ მტრისაგან „წარტყუევნილი“ წიგნების ტყვეობიდან დახსნის ფაქტები გვხვდება XII–XIII სს. ქართ. ხელნაწერში: „ცოდვა შეუნდვეს ღმერთმან გიორგის ამა წიგნისა დამხსნელსა ტყუეობისაგან“.

ქართ. ბ-ის ისტორია სათანადოდ არ არის შესწავლილი. ცალკეული ბიბლიოფილთა შესახებ ცნობებს ვხვდებით მათ მიერ შეგროვილი კოლექციების დახასიათება-აღწერისას. მეტად მნიშვნელოვანი კოლექციები შესწირეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ქართველმა ბიბლიოფილებმა: დ. ჩუბინაშვილმა, რ. ერისთავმა, ნ. დადიანმა, დ. ბაქრაძემ, ვ. პეტრიაშვილმა, კ. ყიფიანმა, და სხვ. წიგნისმოყვარულობამ შემოუნახა ქართ. კულტურას მდიდარი პირადი კოლექციები. მაგ., თსუ-ის ბ-კას გადაეცა პლატონ იოსელიანის, პ. მელიქიშვილის, ვ. პეტრიაშვილის, გ. ზდანოვიჩის (მაიაშვილის), დ. სარაჯიშვილის, თ. ჟორდანიას, ა. ცაგარლის ა. ჯაბადარის, ა. სარაჯიშვილის, ა. ვაჩეიშვილის, ვ. დონდუას და სხვ. კოლექციები.

საქართვ. ეროვნულ ბ-კას გადაეცა ნ. ნიკოლაძის პირადი არქივი; საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. სამეცნ. ბ-კას – ე. თაყაიშვილის, მ. პოლიევქტოვის, ი. და ვ. ასლანიშვილების, ნ. ლორთქიფანიძის, ვ. ვორონინის, ა. ბაიკოვის კოლექციები; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტს – ნინო და კალისტრატე სალიების ბ-კა და ა. შ.

თანამედროვე პირობებში ბ. განვითარების ახ. ეტაპზეა, 1974-იდან შეიქმნა წიგნის მოყვარულთა რესპ. საზ-ბა. ბიბლიოფილები დიდ საგანმან. მისიას ასრულებენ – ხელს უწყობენ წიგნმცოდნეობითი კულტ. ამაღლებას, კერძო კოლექციების მისაწვდომობას ფართო მკითხველებისათვის. მაგ., საქართვ. სახ. პოეტის ი. გრიშაშვილის „ანდერძნამაგის“ მიხედვით, საქართვ. მეცნ. აკადემიას უსასყიდლოდ გადაეცა მისი ბ-კა-მუზეუმი. ასევე უსასყიდლოდ გადასცა ქ. დათიკაშვილმა თავისი მდიდარი ლექსიკოგრაფიული კოლექცია თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტის ბ-კას.

საქართველოს კულტურის ფონდმა 1988 წ. 28 თებ. მოაწყო ანტიკვარულ-ბუკინისტური წიგნების პირველი აუქციონი, გამოიცა კატალოგი; მეორე აუქციონი ჩატარდა 1989.

წიგნის მოყვარულთა რესპ. საზ-ბამ ორჯერ ჩაატარა ბიბლიოფილთა შეკრება და მათი კოლექციების გამოფენა. რესპ. წიგნის მოყვარულები სარგებლობენ ბიბლიოფილების ვ. ბარათაშვილის, პ. ბერიკაშვილის, დ. გოგუაძის, ნ. გურაბანიძის, ნ. გურგენიძის, ა. ელერდაშვილის, გ. კახიძის, ზ. კახიანის, დ. კირვალიძის, გ. მაისურაძის, ვ. მეგრელიშვილის, ნ. მინასიანის, გ. მიქელაძის, ვ. ნათენაძის, რ. ჟორდანიას, ს. ტიმაკოვის, ო. ქურდიანის, მ. ხარაზის, ნ. ხოდანიჩევსკაიას, ს. ხუციშვილის, გ. ჯავახიშვილის და სხვ. წიგნებით. 1977 რესპ. საზ-ბასთან ჩამოყალიბდა მინიატიურული წიგნების მოყვარულთა რესპ. კლუბი „ცეროდენა“. ბ-ის გვერდით იყო ბიბლიომანია – წიგნის ხელში ჩაგდების ავადმყოფური სურვილი, აგრეთვე წიგნით სპეკულაცია.

ლიტ.: „მწიგნობარი“, თბ., 1980–88; ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი  ს., სიცოცხლე წიგნთან, წიგნისთვის, წიგნში, თბ., 1978; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 1 – ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, მე-2 გამოც., თბ., 1949, გვ. 80–81; Ц а г а р е л и  А. А., Сведения о памятниках грузинской письменности. т. 1, в. 1–3, СПб., 1886–94.

ქ. ფოფხაძე