ბაქრაძე კონსტანტინე სპირიდონის ძე [24. XI. (6. XII). 1898, თბილისი, - 28. IV. 1970, იქვე], ფილოსოფოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1969). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1943).
დაამთავრა თბილ. ქართ. გიმნაზია (1918) და ახლად გახსნილი თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1922). 1923 – 25 მივლინებული იყო ფრაიბურგისა და ჰაიდელბერგის (გერმანია) უნ-ტებში, სადაც სწავლობდა ე. ჰუსერლთან, ა. რიკერტსა და მ. ჰაიდეგერთან. 1925 დაბრუნდა საქართველოში. 1926-იდან თსუ-ის ასპირანტია, 1928-იდან ‒ იქვე ლექტორი, 1930-იდან პროფესორი.
ბ-ის შრომებში განხილულია ფილოს. ისტორიის, შემეცნების თეორიისა და ლოგიკის აქტუალური პრობლემები. მის მიერ ნაჩვენებია, რომ დიალექტიკური მეთოდის ჩამოყალიბების პროცესს აქვს დიალექტიკური ხასიათი: ი. კანტის ფილოსოფიაში შესაძლებლობის სახითაა მოცემული მთელი შემდგომი გზა, რ-იც გ. ჰეგელის იდეალისტური დიალექტიკით მთავრდება, ხოლო ჰეგელის ფილოსოფიაში მოხსნილი და შენახულია ი. კანტის, ი. ფიხტესა და ფ. შელინგის თვალსაზრისი; ბ-მ საფუძვლიანად გამოიკვლია ჰეგელის მოძღვრების მთავარი მხარეები და დაასკვნა, რომ ჰეგელის ფილოსოფიაში მეთოდი საბოლოო ანგარიშით ემთხვევა სისტემას. დასავლური ბურჟ. ფილოს. აზრის განვითარებას მიეძღვნა ბ-ის მონოგრაფია „უახლესი და თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის ისტორიის ნარკვევები“ (1960), რ-შიც კრიტიკულადაა გაანალიზებული ვულგარული მატერიალიზმი, ემპირიოკრიტიციზმი, იმანენტური ფილოსოფია, „იდეალისტური“ პოზიტივიზმი, ნეოკანტიანელობა, ფენომენოლოგია. რ. დეკარტის, ბ. სპინოზას, ჯ. ლოკის, დ. იუმის, გ. ლაიბნიცის, ფრანგი მატერიალისტების ფილოს. მოძღვრებათა ანალიზს მიეძღვნა მისივე წიგნი „ახალი ფილოსოფიის ისტორია“ (1969).
ბ-მ შეიმუშავა სუბიექტური იდეალიზმის ორიგინ. გაგება, რ-ის თანახმადაც ეს. ფილოს. მიმართულება გაგებულ უნდა იქნეს როგორც წმინდა გნოსეოლოგიური და არა ონტოლოგიური თვალსაზრისი. კვლევისას ბ-მ დაასაბუთა იმ შეხედულებათა მცდარობა, რ-ებსაც ფილოსოფია დაჰყავთ გნოსეოლოგიაზე, ხაზი გაუსვა გნოსეოლოგიის მჭიდრო კავშირს ონტოლოგიასთან.
ბ. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ლოგიკის თავის უფლებებში აღდგენის შემდეგ დაწერა რამდენიმე სახელმძღვანელო ამ დარგში. მან შექმნა ორიგინ. კონცეფცია დიალექტიკისა და ფორმალური ლოგიკის მიმართების შესახებ. ბ-ის სტატიის გამოქვეყნებით დაიწყო საკავშ. დისკუსია ლოგიკის საკითხებზე (1950). ბ-ის თვალთახედვით, ლოგიკა ფილოს. დისციპლინაა, რადგან იკვლევს შემეცნების ერთ მომენტს ‒ სწორ აზროვნებას. არსებობს ერთი ლოგიკა ‒ მოძღვრება აზროვნების კანონების შესახებ; მარქსიზმის კლასიკოსების მიერ გამოყენებული ტერმინი „დიალექტიკური ლოგიკა“ აღნიშნავს დიალექტიკას და არა საკუთრივ ლოგიკას. ლოგიკას არ აინტერესებს აზროვნების შინაარსობრივი მხარე. ის ფორმალური მეცნიერებაა, მისი განვითარების ახ. ეტაპია „მათემატიკური ლოგიკა“.
თხზ.: ლოგიკა, თბ., 1955; სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში, თბ., 1936 (რუს. ენაზე ‒ 1958); დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში, თბ., 1971.
ე. კოდუა