ბაქრაძე ნოდარ დიმიტრის ძე

ბაქრაძე ნოდარ დიმიტრის ძე (21. XII. 1934, თბილისი, ‒ 4. VI. 2015, იქვე), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1988).

1959 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1960 – 65 მუშაობდა რესპ. ცენტრ. კლინიკურ საავადმყოფოში განყ-ბის გამგედ. 1982 – 89 საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი თერაპიაში.

1986-იდან თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტში განაგებდა მის მიერვე ორგანიზებულ პოლიკლინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრას. შეისწავლიდა გულის გამტარი სისტემის (ულტრასტრუქტურულ დონეზე) მორფო-ფუნქციურ ცვლილებებს; დაამუშავა საქართველოში თერაპიული დახმარების ინტენსიფიკაციის გზები და სხვ.

თხზ.: გერიატრიული ავადმყოფების მოვლის ორგანიზაცია და თავისებურებანი, წგ.: გერიატრია შინაგანი დაავადებების კლინიკაში, თბ., 1983.