ბაღდადი, ერაყის დედაქალაქი 1921-იდან.
დააარსა ხალიფა მანსურმა 762 და აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქად აქცია. გაშენებულია მდ. ტიგრის ნაპირებზე. ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, სახელწ. „ბაღდადი“ წარმოდგება ორი ძვ. სპარს. სიტყვისაგან: „ბაგა“ ‒ ღმერთი და „დად“ ‒ ნაბოძები, ე. ი. „ღვთის ნაბოძები“. ბ. იყო შუა საუკ. არაბ. კულტ. და მეცნ. ძირითადი კერა. IX ს-ში ბ. გახდა ხელოსნობისა და სატრანზიტო ვაჭრობის ცენტრი. სავაჭრო-საქარავნო გზები ბ-ს აკავშირებდა სპარსეთის ყურესთან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან, ირანთან, სამხრ. კავკასიასა და არაბ. ნ.-კ-თან.
შუა საუკუნეებში საქართვ. კულტ. და სავაჭრო-ეკონ. კავშირი ჰქონდა ბ-თან (ძვ. ქართ. წყაროებში იხსენიება ბაბილოვანის სახელითაც). ეს ურთიერთობა ნაწილობრივ აისახა კლასიკური პერიოდის ქართ. ლიტ-რის ძეგლებში („ამირანდარეჯანიანი“, „თამარიანი“, „ვეფხისტყაოსანი“). „მობაღდადე (მოგზაური) ვაჭრებს“ ასახელებს რუსთაველიც („ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი“). ქართ. ენის ლექსიკაში სიტყვა „ბაღდადმა“ შეიძინა გადატანითი მნიშვნელობაც. იხმარებოდა სიმდიდრის, სიუხვის აღსანიშნავად (ეს სახელი ქართ. ტოპონომიკასაც შემორჩა).
საქართველოში ბაღდადური ლიტრის სახელით გავრცელებული იყო ბაღდადური რატლი, არაბ. წონითი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ერთეული (საშუალოდ უდრიდა 406,25 გ). იგი გვხვდება XI‒XV სს, ქართ. სამკურნალო წიგნებსა და კარაბადინებში. ბაღდადური რატლი წონის ქართულად გამოყენებული აქვს XI ს. ქართველ ექიმს ჯანანელს „უსწორო კარაბადინში“; XV ს-ში კი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი იყენებდა ბაღდადურ ლიტრას. ბ. იხმარებოდა სიშორის სინონიმადაც ‒ თაფლი იყოს თორემ ბუზი ბაღდადიდანაც მოვაო.
1258 ბ. დაარბიეს მონღოლებმა, რ-თა ლაშქარშიც (სამხ. ბეგარის წესით) საქართვ. ჯარიც შედიოდა. ჟამთააღმწერლის ცნობით, გალავნით შემოზღუდულ ქალაქში პირველად საქართვ. ლაშქარი შეჭრილა დავით VII ულუს სარდლობით.
ლიტ.: 100 ქართველი უცხოეთში, თბ., 2011; ც ქ ი ტ ი შ ვ ი ლ ი ო., ქალაქ ბაღდადის ისტორიისათვის, თბ., 1968.