ბაღდათის ციხე, ციხესიმაგრე ისტორიულ დას. საქართველოში, იმერეთში (ბაღდათის ტერიტორია), მდ. ხანისწყლის ნაპირას.
ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) და თურქი ისტორიკოსის მეჰმედ რაშიდის (XVII–XVIII სს.) ცნობით, ბ. ც. ააგეს თურქებმა და შიგ თავიანთი მეციხოვნენი ჩააყენეს (1703). ბ. ც. თავდაპირველად თხმელის ხისაგან იყო აგებული, ამიტომ თხმელის ციხესაც ეძახდნენ. მოგვიანებით თურქებმა აქ ქვის ციხე ააშენეს.
1703–70 წლებში ბ. ც. იმერეთის ერთი იმ ოთხ ციხეთაგანი იყო, სადაც თურქ. გარნიზონი იდგა და ამოწმებდა იმერეთიდან მესხეთში მიმავალ გზას. დას. საქართველოს რუკის (1737) მიხედვით, ბ. ც-ის გარნიზონი ასი კაცისაგან შედგებოდა და ძირითადად ტყვეთა სყიდვით იყო დაკავებული, 1770 წ. 2 ივლ. ბ. ც-ს ალყა შემოარტყა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ჯარმა და გენ. ტოტლებენის ხელქვეით მყოფმა რუს. ლაშქარმა. ციხის გარნიზონმა იმერეთის დედოფალს მარიამს მიმართა, მისგან უვნებლობის ფიცი მიიღო და ციხეც მას ჩააბარა.
დღეისათვის ბ. ც-ის მხოლოდ სარდაფია შემორჩენილი.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
თ. ბერაძე