ბაღვაშები

ბაღვაშები, მსხვილ ფეოდალთა საგვარეულო IX–XII სს. საქართველოში, არგვეთის (ზემო იმერეთი) ძვ. მფლობელები.

გვარის სტრუქტურიდან გამომდინარე ბ. ლაზურ-ჭანური წარმოშობისა უნდა ყოფილიყვნენ. წყაროებში ზოგჯერ იხსენებიან სახელწოდებით ლიპარიტები. IX ს. 70-იან წლებში გვარის უფროსმა წარმომადგენელმა ლიპარიტ ბაღვაშმა (იხ. ლიპარიტ I) დავით I ქართველთა კურაპალატი (876–881) იუფლა, აღმ. საქართველოში გადმოვიდა, გურამ მამფალის კუთვნილი ქვეყანა (თრიალეთი) დაიპყრო და შექმნა ძლიერი კლდეკარის საერისთავო. მის შთამომავლებს ერისთავთერისთავის ტიტული ჰქონდათ. ბ-ის მეორე შტოს წარმომადგენლები იყვნენ რაჭის ერისთავები (იხ. კახაბერისძენი). ბ-თა კლდეკარის შტოს პოლიტ. ძლიერების ბაზას წარმოადგენდა მათი სამამულო სამფლობელო არგვეთი და პატრონყმობის საფუძველზე მიღებული კლდეკარის საერისთავო. კლდეკარის ბ. აქტიურად მონაწილეობდნენ ჯერ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დავაში მიწა-წყლისათვის, შემდეგ ‒ საქართვ. სამეფო-სამთავროთა ბრძოლაში პირველობისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის.

მონაწილეობდნენ თბილისის საამიროს, ბიზანტიისა და სელჩუკიანი თურქების წინააღმდეგ ბრძოლებში. ხშირად ატარებდნენ დამოუკიდებელ პოლიტიკას. გაძლიერებული ბ. ცდილობდნენ საერისთავო მიწა-წყალი მამულად გადაექციათ. საგვარეულოს არსებობის მთელ მანძილზე ისინი ოპოზიციაში ედგნენ გაერთ. საქართველოს მეფეებს. ეწეოდნენ დიდ სამშენებლო და ლიტერატურულ საქმიანობას. მათი საგვარეულო ეკლესიები იყო კაცხის ტაძარი (არგვეთში) და შეპიაკი (თრიალეთში). (იხ. ლიპარიტ IV, ლიპარიტ V, რატი I, ივანე ლიპარიტის ძე). ამ შტოს უკანასკნელი წარმომადგენლის, დავით IV აღმაშენებლის დროის პოლიტ. მოღვაწის, რატი IV-ის გარდაცვალების შემდეგ მეფემ კლდეკარის საერისთავო გააუქმა. კლდეკარის მხარის (თრიალეთი) ნაწილი 1103 სამეფო დომენად აქცია, ხოლო ნაწილი ‒ საერისთავოდ. ბ-ის მამული არგვეთში გელათს შესწირა. ზოგი მკვლევარი ბ-თა შთამომავლებად მიიჩნევს XI–XII სს. ძლიერ ფეოდალურ საგვარეულო ორბელებს. XII–XIII სს-ში ცენტრ. ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში იყვნენ ბ-ის რაჭის შტოს წარმომადგენლები კახაბერისძენი. იხ. აგრეთვე ლიპარიტისძეები.

წყარო: არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1974; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე; ჟამთააღმწერელი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959.

ვ. კოპალიანი

ყ. ფაღავა