ბოროდინი ალექსანდრე პორფირის ძე

ბოროდინი ალექსანდრე პორფირის ძე [31. X (12.XI). 1833, პეტერბურგი, – 15(27). II. 1887, იქვე], რუსი კომპოზიტორი და მეცნიერი (ქიმიკოსი). მედ. მეცნ. დოქტორი (1858), აკადემიკოსი (1877), ქართველი თავადის ლ. გედევანიშვილის (გედეონოვის) შვილი (ჩაწერილი იყო როგორც თავადის მსახურის პორფირი ბოროდინის შვილი).

1856 დაამთავრა სამედ.-ქირურგ. აკადემია. 1874-იდან სამედ. აკად. ქიმ. ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი (1872–87), ქიმიაში 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა და არაერთი სიახლის ავტორი. იგი ცნობილი რუსი ქიმიკოსის ნ. ზინინის მოწაფე იყო. ბ-მა დაამუშავა ბრომჩანაცვლებული ცხიმოვანი მჟავების სინთეზის ორიგინალური მეთოდი. მიიღო პირველი ფტორორგანული ნაერთი – ბენზოლის ფტორიდი (1862). გამოიკვლია აცეტალდეჰიდი, აღწერა ალდოლი და ალდოლური კონდენსაციის რეაქცია.

მუს. მოღვაწეობა დაიწყო XIX ს. 50-იან წლებში, იყო მ. ბალაკირევის წრის–„მძლავრი ჯგუფის“ წევრი. ბ-ის შემოქმედებითი მემკვიდრეობა რაოდენობრივად ძალზე მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში. ბ-ის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ოპერა „თავადი იგორი“. სამეცნ. და პედ. მოღვაწეობით გადატვირთული კომპოზიტორი ვერ მუშაობდა ინტენსიურად, ოპერას წერდა 18 წელს და მაინც დაუმთავრებელი დარჩა (ბ-ის სიკვდილის შემდეგ იგი დაამთავრეს ნ. რიმსკი-კორსაკოვმა და ა. გლაზუნოვმა, დაიდგა 1890, პეტერბურგის მარიამის თეატრში). ოპერა გამოირჩევა სახეების მონუმ. მთლიანობით, ძლიერი ხალხ. საგუნდო სცენებით და ეროვნ. კოლორიტით. ბ. კლასიკური სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთი შემქმნელია. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის მწვერვალია ბ-ის II სიმფონია (1876). ბ. კამერულ-ვოკალური მუსიკის დიდი ოსტატია, ეკუთვნის რომანსები, სატირულ-იუმორისტული ხასიათის სიმღერები. ბ-ის შემოქმედებას ამჩნევია რუს. ხალხ. და აღმ. ხალხთა მუსიკის კვალი („თავადი იგორი“, სიმფონიები, სიმფ. სურათი „შუა აზიაში“). „თავადი იგორი“ თბილისის ოპერის თეატრში პირველად დაიდგა 1898–99 სეზონში და პერიოდულად იდგმებოდა XX ს. 50-იან წლებამდე. ბოლო დადგმა განხორციელდა 1954.

ლიტ.: გ ა ხ ო კ ი ძ ე  რ., ალექსანდრე ბოროდინი, თბ., 1978; С о х е р  А., А. Бородин, М. 1965; 100 ქართველი უცხოეთში, თბ., 2010.

გ. ტორაძე