ბოროდინოს ბრძოლა 1812, ბრძოლა 1812 რუს. სამამულო ომის დროს რუსეთისა და საფრანგეთის ჯარებს შორის (რუს. არმიის მთავარსარდალი გენ. მ. კუტუზოვი, საფრანგეთისა – ნაპოლეონ I) 26 აგვ. (7 სექტ.) სოფ. ბოროდინოს რ-ნში, მოსკოვის დას-ით 124 კმ-ზე. 22 აგვ. რუს. 1-მა (გენ. მ. ბარკლაი-დე ტოლი) და მე-2 (გენ. ბაგრატიონი პეტრე|პ. ბაგრატიონი) არმიებმა თავი მოიყარეს ბოროდინოსთან. კუტუზოვმა პოლკ. კ. ტოლის მიერ ამორჩეული პოზიციის დათვალიერების შემდეგ გადაწყვიტა აქ გაემართა მტრისათვის გენ. ბრძოლა, შეესუსტებინა მისი არმია და არ მიეცა საშუალება მოსკოვისაკენ წასულიყო. მოწინააღმდეგეთა ძალები თითქმის თანაბარი იყო: რუს. არმია – დაახლ. 132 ათ. კაცი და 624 ქვემეხი, საფრ. არმია მთლიანად დაახლ. 135 ათ. კაცი და 587 ქვემეხი. ბ. ბ. დაიწყო 26 აგვ. დაახლ. 5 სთ. და 30 წთ-ზე ე. ბოარნეს კორპუსის შეტევით. დაახლ. 6 საათზე დაიწყო ნაპოლეონის მთავარი ძალების იერიში ე. წ. ბაგრატიონის ფლეშებზე. 6 საათზე მეტი ხნის თითქმის განუწყვეტელი იერიშების შემდეგ ფრანგებმა დიდი მსხვერპლის ფასად დაიკავეს ფლეშები. გენ. პ. ბაგრატიონი სასიკვდილოდ დაიჭრა. ის შეცვალა გენ.-ლ. პ. კონოვნიცინმა, რ-მაც გაიყვანა ჯარი სემიონოვსკოეს ხევს გაღმა. 18 საათისათვის რუსეთის არმიამ გადაჯგუფების შემდეგ დაიკავა პოზიციები სოფ. გორკიდან სმოლენსკის ძვ. გზამდე, ხოლო დაღამებისას ნაპოლეონმა თავისი არმია საწყის პოზიციაზე დააბრუნა. ნაპოლეონმა ვერ მიაღწია მიზანს, ვერ შეძლო რუს. არმიის განადგურება გენ. ბრძოლაში. ბ. ბ-ში საფრ. არმიამ აუნაზღაურებელი ზარალი განიცადა. დაკარგა 58 ათ-ზე მეტი ჯარისკაცი (ფრანგ. მონაცემებით 30 ათ.), მ. შ. 47 გენერალი. რუს. არმიამ დაკარგა 44 ათ. ჯარისკაცი, მ. შ. 23 გენერალი. ბ. ბ. რუს. 1812 ომის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რამაც განაპირობა ნაპოლეონის დამარცხება.
ბ. ბ-ში, გარდა პ. ბაგრატიონისა, ჯარის სხვადასხვა შენაერთებს სარდლობდნენ ქართველები: გენ.-მ. ი. ფანჩულიძე, გენ.-მ. ს. ფანჩულიძე, გენ.-მ. პ. ბიბილური, გენ.-მ. ვ. იაშვილი, გენ.-ლ. ლ. იაშვილი, გენ. ი. სოლოღაშვილი, გენ. რ. ბაგრატიონი (პ. ბაგრატიონის ძმა), პოლკ. ი. ჯავახიშვილი, პოლკ. ს. ჯავახიშვილი და სხვ.
ლიტ.: 100 ქართველი უცხოეთში, თბ., 2010.
ნ. ნაკაშიძე