ბორჯომ-ბაკურიანის კურორტების ჯგუფი, მთის კლიმატური და კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტები – ახალდაბა, ბაკურიანი, ბორჯომი, ლიკანი, პატარა ცემი, წაღვერი, ცემი, ციხისჯვარი, ჩითახევი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი), ქვიშხეთი, სურამი (ხაშურის მუნიციპალიტეტი), აგრეთვე საკურორტო ადგილები – ვარდევანი, დაბა, დვირი, მზეთამზე, სადგერი, ტიმოთესუბანი და სხვ.
კურორტები ამფითეატრად არის განლაგებული ბორჯომის, მდ. მტკვრისა და მისი შენაკადების – ბორჯომულისა და გუჯარეთისწყლის (შავი მდინარე) ხეობებში, აგრეთვე მესხეთისა და თრიალეთის ქედების ფერდობებზე (800–1800 მ სიმაღლეზე).
ცალკეული კურორტებისა და საკურორტო ადგილების კლიმ. პირობები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც აიხსნება რელიეფის სხვადასხვაგვარობით (კურორტების განლაგება სხვადასხვა სიმაღლეზე), ტყის მასივების სიხშირით, ჰაერის მასების ცირკულაციის თავისებურებებით და სხვა ფაქტორებით.
ბ.-ბ. კ. ჯ-ის ტერიტორია მდიდარია მინერ. წყაროებით (უმეტესად აზოტური ნახშირმჟავა). საკურორტო რესურსების სიმდიდრემ და მრავალფეროვნებამ განაპირობა აქ სხვადასხვა პროფილის კურორტების შექმნა.