ბორჯომი

ბორჯომი, ქალაქი (1918-იდან), ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცენტრი, ბალნეოლ.-კლიმ. კურორტი. გაშენებულია ბორჯომის ხეობაში, მდ. მტკვრისა და მისი მარჯვ. შენაკადების ბორჯომულისა და გუჯარეთისწყლის ნაპირებზე. ქალაქსა და მის შემოგარენს უჭირავს მესხეთის ქედის აღმ. და თრიალეთის ქედის დას. ტყიანი (უმთავრესად წიწვოვანი) კალთები. ზ. დ. 800 – 900 მ, თბილისიდან 160 კმ. სადგური ხაშურ–ვალის რკინიგზის ხაზზე. ვიწროლიანდიანი ელექტრიფიცირებული ხაზით დაკავშირებულია დაბა ბაკურიანთან. ბ-ზე გადის საერთაშ. მნიშვნელობის ხაშურ–ახალციხე–ვალის და ბორჯომ– ბაკურიან–ახალქალაქის საავტ. გზები. 10,5 ათ. მცხ. (2014).

აღნიშნული პუნქტის სახელად „ბორჯომი“ოფიც. წყაროებში XIX ს-ში იხსენიება. ახლანდ. ბ-ის ადგილზე XV – XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ეშმაკთუბანი, ნუა, ფაფა, ჭალა და სხვ. იმავე ხანებში მესხეთში, ურავლის ხეობაში იყო „ბორჯომის“ სახელით ცნობილი სოფელი (ამჟამად ნასოფლარი სოფ. ანდრიაწმინდის ახლოს, ახალციხის მუნიციპ.). კურორტ ბ-ის სახელს ურავლის ბ-ს უკავშირებენ. ვარაუდობენ, რომ მტკვრის ხეობაში ეს სახელწ. უნდა მოეტანათ ოსმალთა დაპყრობების დროს ურავლის ბ-იდან ლტოლვილებს, ზოგის აზრით კი ამ პუნქტს ბ. უნდა დარქმეოდა ურავლის ბ-სა და ისტ. სოფ. ნუის წყლების თვისებათა მსგავსების გამო. ბ-ის დაარსება იქ აღმოჩენილმა მინერალურმა წყალმა განაპირობა. 1913, ახლანდ. ბ-ის ტერიტორიაზე საკაპტაჟო სამუშაოების დროს, შვიდიოდე მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა თლილი ქვით ნაგები აბაზანების ნაშთები (მიჩნეულია I ს. ნაგებობად). ჩანს, ბ-ის მინერ. წყალს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ. XVI–XVIII სს-ში ბ-ის ხეობაზე ოსმალთა გამუდმებულმა თავდასხმებმა ეს მხარე გააპარტახა და მინერ. წყლის არსებობაც დავიწყებას მიეცა. XIX ს. დასაწყისში ბ-ის მინერ. წყალი ხელახლა აღმოაჩინეს. XIX ს-მდე ბ-ის ტერიტ. ავალიშვილებს ეკუთვნოდათ. 1871 ებოძა კავკ. მეფისნაცვალს, დიდ მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს, რ-ისთვისაც მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე ხის ორსართულიანი სასახლე ააშენეს (დაიწვა, მის ადგილზე აშენდა სანატორიუმი). 1892–95 დიდი მთავრისათვის ლიკანში აშენდა სასახლის კომპლექსი და მოეწყო პარკი (არქიტ. ლ. ბენუა, ახლანდ. სანატორიუმ „ლიკანის“ კორპუსები). XIX ს. დამლევს აქ რამდენიმე საწარმო იყო. 1894 გაიყვანეს ხაშურ–ბორჯომის რკინიგზის ხაზი. 1898 ამუშავდა ბ-ის ჰიდროელსადგური. 1902 დამთავრდა ბაკურიანის ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობა. 1900 ბ-ის მოსახლ. 3500 კაცს შეადგენდა, აქედან 600 მუშა იყო, რამაც ხელი შეუწყო პირველი ს.-დ. ორგანიზაციის შექმნას (1905). 

ბ-ის ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –2,10ºC) და ხანგრძლივი თბილი და მზიანი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 20,10ºC). საშ. წლ. ტემპ-რა 9,10ºC, აბსოლ. მინ. –290C, აბსოლ. მაქს. 370C. ნალექები 659 მმ წელიწადში, მაქს.–მაისსა და ივნისში, მინ. –დეკ-ში. მზის ნათების ხანგრძლივობა პლატოზე 1900 სთ წელიწადში, ხეობაში (პარკში) – გაცილებით ნაკლები. ბ-ის ჰავა კარგია საერთო გაჯანსაღებისათვის, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. კლიმატოთერაპიული თვალსაზრისით საუკეთესო დროა ივნ. – ოქტომბერი.

კურორტის ძირითადი სამკურნ. ფაქტორია ნახშიროჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერ. წყალი. ბუნებრივ პირობებში წყლის ტემპ-რაა 19 – 380C, საერთო მინერალიზაცია – 6–7 გ/ლ. მინერ. წყალს იყენებენ სასმელად (იხ. „ბორჯომი“), აგრეთვე ბალნეოლ. სამკურნ. პროცედურებისათვის (აბაზანა, შხაპი, ინჰალაცია და სხვ.) სხვადასხვა დაავადების დ

როს. ბალნეოლ. მკურნალობის სეზონი მთელი წელია. მკურნალობისათვის განსაკუთრებული ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა კურორტის ცენტრ. ნაწილი, ვაშლოვან-ყვიბისის უბანი, ლიკანი, ფაფა და პლატო. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს სანატორიუმები, პანსიონატები, ბალნეო-ფიზიოსამკურნალო, მაღალი კლასის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსები.

ბ-ში არის მინერ. წყლის ჩამომსხმელი, მინის, რძის, ყველისა და პურის ქ-ნები, ხორც-კომბინატი, ადგილ. მრეწვ. საწარმოები და სხვ.; საჯარო და სამუსიკო სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, კულტურის სახლი და კინოთეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სახალხო თეატრი, თოჯინების სახელმწ. თეატრი, 2 პარკი, მ. შ. 1 – პლატოზე (ზ. დ. 1000 მ), რ-საც ესაზღვრება სადგერის ტყე-პარკი.

1930-იანი წლებიდან ბ-ში დაიწყო ინტენს. საკურორტო მშენებლობა: აშენდა ფიზიოთერაპიული ინ-ტის სააბაზანო (1930, არქიტ. მ. ბუზოღლი), სასტუმრო (1930, არქიტ. ჟიტკოვსკი, ი. კოლჩინი), 1935 შედგა გენ. გეგმა (არქიტ. გ. ტერ-მიქელოვი), ხოლო 1940 – ბ-ის ახ. დაგეგმარების პროექტი (არქიტ. მ. ბუზღოლი). აშენდა პროფკავშირების სანატორიუმის კორპუსები (1935–38, არქიტ. დ. ფომინი, ნ. სევეროვი), მოეწყო სანატორიუმები „ფირუზა“ და „მთის ხეობა“, აშენდა რკინიგზის ახ. სადგურის შენობა ბორჯომბაღში (1953, არქიტ. ზ. პოჩეპცოვა).

1959 შედგა ქალაქ-კურორტ ბ-ის გენ. გეგმა (არქიტ. ა. ნიკოლაიშვილი, ე. ბაგრატიონი). აშენდა ბორჯომბაღისა და პლატოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა (1965, არქიტ. გ. ჩაჩანიძე, ინჟ. გ. ფანცულაია), სანატორიუმ „ბორჯომ-ლიკანის“ მესამე საძილე კორპუსი (1968, არქიტ. ე. ცხაკაია, გ. ჯაბუა, შ. თადუმაძე), დედათა და ბავშვთა მრავალსართულიანი დასასვენებელი სახლის „პლატოს“ ახ. კორპუსი და კლუბი–სასადილო (1975, არქიტექტორები მ. ჩხენკელი, კ. თოთიბაძე, ინჟ. პ. ბარდინი), სამსართულიანი უნივერმაღი და დახურული ბაზარი (არქიტ. ე. ფალიაშვილი), სამსართულიანი დიეტური კაფე (1968, არქიტ. ო. მიქელაძე). მოქმედებდა აგრეთვე სამხ. სანატორიუმი, ტურბაზა, საკურორტო დარბაზი, ღია საცურაო აუზი, მინერ. წყლის სასმელი ახ. პავილიონი და სხვ.

1968 აპრილში მდ. მტკვრის ადიდებამ ბ-ის საქალაქო მეურნეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის გამოც მდ. მტკვრის ნაპირების გასწვრივ აშენდა ნაპირსამაგრი კედლები და მოეწყო სანაპიროები (ინჟინრები ა. მჟავანაძე, ლ. ოგანეზოვა, არქიტ. ე. ბაგრატიონი), აიგო ახ. ხიდები, მ. შ. სამანქანო დაკიდული ხიდი ბორჯომბაღში (ინჟ. ა. კოჩაროვი), აშენდა რკინიგზის ახ. სადგური „ბორჯომი“ (1972, არქიტ. გ. მოძმანიშვილი, ინჟ. ლ. კამკამაძე). 1971 დამუშავდა ბ-ის ახ. გენ. გეგმა (არქიტ. ე. ბაგრატიონი, თანაავტორები: ც. დიდებულიძე, ა. წიკლაური). 1970-იან წლებში აშენდა ადმ. მრავალსართულიანი სახლი (1973, არქიტ. ჯ. პაპინაშვილი, ინჟ. პ. მიქაძე), 500-ადგილიანი სანატორიუმი „მთის ხეობა“ (არქიტ. ი. ზაალიშვილი), პროფკავშირთა სანატორიუმის ახ. 500-ადგილიანი კორპუსი ლიკანში (არქიტ. მ. ჩხენკელი, ინჟ. პ. ბარდინი), მუნიციპალური საავადმყოფო, 300-ადგილიანი კომუნ. სასტუმრო (არქიტექტორები თ. ბაკურაძე, გ. ბარაბაძე, ინჟ. ე. დვანაძე), კულტურის სახლი (არქიტ. ს. მეგრელიშვილი), კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის კომპლექსი პლატოზე (1982, არქიტექტორები შ. დავითაშვილი, ნ. სოლოვიოვა, გ. მეტონიძე, მ. ჟურული). აშენდა ცხრამეტბინიანი საცხოვრ. სახლი ვაშლოვანში (1982, არქიტექტორები გ. მარსაგიშვილი, გ. მეტრეველი), საცხოვრ. სახლები (1985, არქიტექტორები დ. ცხაკაია, თ. ცისკარიძე, ვ. გაძიევსკი, ე. დვანაძე), სახ. სასამართლოს შენობა (1985, არქიტექტორები ზ. ნემსაძე, თ. ნაჭყებია, ლ. კურტანიძე), სანატორიუმი „ბორჯომი“ (1987, არქიტექტორები ლ. ბერიძე, მ. ლიპარტელიანი), დახურული საცურაო აუზი (1987, არქიტექტორები დ. ცხაკაია, ფ. აბულაძე). 1989 შედგა ბ-ის ახ. გენ. გეგმა (არქიტექტორები ე. ბაგრატიონი, ც. დიდებულძე, ეკონომისტი ლ. შანიძე). უკანასკნელ ხანებში ბ-ში აშენდა მაღალი კლასის სასტუმროები, საცხოვრ. კორპუსები, იქმნება საოჯახო სასტუმროები, შენდება ახალი საბაგიროები და სათხილამურო გზები.

ბ-ში დგას ზ. ფალიაშვილისა (მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი, არქიტ. კ. ნახუცრიშვილი) და პ. ჩაიკოვსკის (მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი) ძეგლები.

მატერ. კულტ. ძეგლებიდან აღსანიშნავია შუა საუკ. ნაგებობები გოგიას ციხე და პეტრეს ციხე.

ლიტ.: ხ უ ჯ ა ძ ე  გ., ბორჯომის ხეობა, თბ., 1969.

ჟ. ზონენაშვილი

გ. უშვერიძე

ვ. აბულაძე

ე. ბაგრატიონი