ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, ამჟამად, ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სსიპ). დაარსდა 1987 წ. 23 დეკემბერს კულტურის სამინისტროს მიერ სარაიონო კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თვითმოქმედი წრის ბაზაზე. მისი პირველი დირექტორი და რეჟისორი გახდა ზ. ქალიაშვილი, რ-ის სახელსაც უკავშირდება ბორჯომის თოჯინების თეატრის დაარსება. თეატრის პირველი სპექტაკლი იყო „ცია ოცნება და ცირკი“, შემდეგ კი დაიდგა ვ. ცინიბულკის „ცისფერი მარგალიტი“, ვ. ორლოვის „ოქროს წიწილა“, ნ. გერნეტისა და ტ. გურევიჩის „ბატის ჭუკი“, ვ. რაბადანის „პატარა ფერია“, მ. სუპონინის „ბუტია“, ნ. იონათამიშვილისა და ვ. ქორიძის „მშრომელას თავგადასავალი“, ა. კოსტინსკის „სიურპრიზი“, ა. იამადანის „ოხერტიალა“, „პირიმზე“ (ფ. ბაუმის ნაწარმოების მიხედვით), შ. პეროს „წითელქუდას უჩვეულო თავგადასავალი“, გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის „ჭინჭრაქა“, გ. ნახუცრიშვილის „შაითან ხიხო“ და სხვ.
1992 დასის წევრები იყვნენ: გ. ახვლედიანი, ი. ბლიაძე, მ. ბლიაძე, მ. გიორგაძე, მ. გულიაშვილი, მ. დვალიშვილი, ქ. მეტრეველი, ე. სიქტურაშვილი, ზ. ქართველიშვილი, მ. ჭიჭილეიშვილი; თეატრის მთ. რეჟისორი – პ. ცუცქირიძე, მთ. მხატვარი – თ. ფხიკიძე. 2013–14 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო რეჟ. გ. ხვიჩია, ხოლო 2014-იდან – შ. გოგოლაძე; თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ რეჟისორები: გ. ხვიჩია (მან თბილისის „მულტი-პულტის“ თეატრთან ერთად დადგა ცნობილი რუსული საბავშვო ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი, რ-იც უჩვენეს ქ. ბაქოში); შ. გოგოლაძე – დადგა შემდეგი სპექტაკლები: ჯ. ჰარისის „სამი გოჭი“, მ. ფისტერბუშის „პრინცესა ლილუ“, „ოზის ჯადოქარი“ (ფ. ბაუმის მიხედვით), ა. დოდეს „მეწისქვილე კორნილის საიდუმლოება“, ე. კუზანაშვილის „როგორ გაჩნდა ხელოვნური ნაძვის ხე“, ე. ლაბულეს „ზერბინო უკარება“, იაპონური ხალხური ზღაპარი „თაგვების სუმო“, ძ. კინოშიტას „წეროს ფრთები“, ჩ. დიკენსის „საშობაო ზღაპარი“ და სხვ.; ლ. გაბრიჭიძე – „ასფურცელა“ (ქართ. ხალხ. ზღაპრის მიხედვით), შ. პეროს „წითელქუდა“, ი.ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“ „ოცნების ფერიას ზღაპარი“ ( შ. პეროს „კონკიას“ მიხედვით), ვ. ლიპშიცისა და ი. პიჩანოვას „იდუმალი ჰიპოპოტამი“, ლ. გაბრიჭიძის „ნაბო“ და სხვ.; რ. ბაინაზიშვილი – ა. ლინდგრენის „პეპი გრძელი წინდა“ და სხვ.; თ. იმნაძემ – დადგა „ნაცარქექია“ (ქართ. ხალხ. ზღაპრის მიხედვით); ზ. ქორიძემ კი – ა. დოდეს „ლიზიკოს ზღაპარი“, ზ. ქორიძის „დანდალას რეცეპტი“; ქ. ბედელაძემ – ი. ლიეპას „ბაყაყუნა-ბალერუნა“, ე. მაცხონაშვილმა დადგა საკუთარი პიესა „ნახერხის რაინდები“, ლ. ჩემიამ – ნ. გოგოლის „შეშლილის წერილები“; ი. ბაკურაძემ – „ბატონი ზომერი“ (ფ. კაფკას მიხედვით), რ-იც თეატრის კრიტიკოსთა საერთაშ. ასოციაციამ და თანამედროვე ქართ. თეატრის კვლევითმა ცენტრმა საუკეთესო სპექტაკლად აღიარა (2016).
2021 წლის მონაცემებით დასის შემადგენლობაში არიან გ. ღონღაძე, გ. ჩოჩნიძე, თ. გელაშვილი, მ. ლომიძე, ს. მიქელაშვილი, ი. კუბანსკი, ე. ხერხეულიძე.
ბ. თ. ს. თ. არაერთი ფესტივალის ლაურეატი და კონკურსის გამარჯვებული, აწყობს გასვლით ჩვენებებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში. 2019 მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „მზიანი საქართველო“, სადაც ნომინაციაში საუკეთესო სპექტაკლი გაიმარჯვა წარმოდგენამ „ლიზიკოს ზღაპარი“.