ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დაარსდა 1926 საკურორტო სამმართველოსთან სატყეო მუზეუმის სახელწოდებით (მ. მურვანიშვილისა და გ. სალარიძის ინიციატივით). მუზეუმი განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის, რომანოვების, ყოფილი სასახლის კანცელარიის შენობაში, რ-იც 1890 გერმ. არქიტ. ვ. შვეიერმა 1890 ფსევდოგოთურ სტილში ააგო. პირველ ექსპოზიციაში იყო ხის ჯიშები, ცხოველთა ფიტულები, პეპლების კოლექციები, დაზიანებული ხეების ნიმუშები, ტყის, როგორც კურორტის განვითარების ერთ-ერთი ძირთადი ფაქტორის, ამსახველი მასალა.
1936 იგი გადაკეთდა ბ. მ. მ-ად. ჩატარდა საორგანიზაციო სამუშაოები (1952, 1964, 1986), ექსპედიციები, ახ. ექსპონატების შეგროვება-შენახვა. მუზეუმში 4 სტაციონარული განყ-ბაა: მხარის ბუნების, 1921-მდე პერიოდის, უახლესი ისტ. პერიოდისა და მხატვრული. ფონდებში დაცულია გეოლ., ბოტან., ზოოლ., არქეოლ., მინერალოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრ. კოლექციები, ფოტოსურათები, დოკუმენტები, ფერწერა და სხვ. სულ 2 ათ. ექსპონატი, რ-თა შორისაა: მზის ღვთაებასთან დაკავშირებული ჭვირული დისკოები (ძვ. წ. აღ. II ათასწლ.), ბრინჯაოს ბალთები, ფიბულები და სხვ.,; რომანოვების საიმპერატორო ოჯახის პირადი ნივთები – გამოყენებითი და სახვ. ხელოვნ. ნიმუშები (მე-19 ს.) და სხვ. მუზეუმის ფართობი მოიცავს 584 მ²-ს, აქედან მუდმივ ექსპოზიციას უჭირავს 297 მ², პერიოდულ გამოფენებს -36 მ² საცავს - 110 მ2.
მუზეუმში ტარდება ლექცია-საუბრები, სამეცნ. სესიები, შეხვედრები და სხვ.