ბაყაყი

ბაყაყი (Rana), უკუდო ამფიბიების გვარი ბაყაყისებრთა ოჯახისა.

აერთიანებს 200-ზე მეტ სახეობას. ამ გვარშია გაერთიანებული ყველაზე პატარა (30 მმ-მდე) და ყველაზე დიდი უკუდო ამფიბია (ბაყაყი‒გოლიათი 325 მმ სიგრძისაა). საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: ტბის ბ. (Rana ridibunada) ზომით ყველაზე დიდია ჩვენი ფაუნის ამფიბიებს შორის. სხეული ზემოდან მუქი მწვანე აქვს და მუქი ხალები აყრია. ზურგის გასწვრივ ხშირად გასდევს ნათელი ზოლი. ბინადრობს ნაირგვარ წყალსატევში. მთაში გვხვდება ზ. დ. 2500 მ-მდე. მთელ ცხოვრებას ატარებს წყალში ან წყლის მახლობლად. აქტიურია დღე-ღამის განმავლობაში.

იკვებება უმთავრესად მწერებით, ზოგჯერ პატარ-პატარა ფრინველების ბარტყებით, ბიგებით და ამფიბიების ახალგაზრდა ფორმებით. ზამთრობს წყალსატევების ფსკერზე. დებს 9000-მდე ქვირითს. ტბის ბ-ის თავკომბალების გროვები არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში; მცირე აზიური ბ. (R. macrocnemis) ზემოდან ღია მურა, წენგოსფერი ან ყავისფერია და მუქი ლაქები აქვს. მუცელი უხალებოა, ვარდისფერი ან მონარინჯისფერო- წითელი. გავრცელებულია მცირე აზიაში, ამიერკავკასიაში და წინაკავკასიაში.

ბინადრობს მთის ტყეებში, ტყე-სტეპებში და ალპურ მდელოებზე, ზ. დ. 3000 მ-მდე. წყალს დიდ მანძილზე არ შორდება. იკვებება წვრილი უხერხემლოებით.

მ. ბაქრაძე