ბაყაყურა

ბაყაყურა (Silybum), ორწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

საქართველოში გვხვდება მისი ერთადერთი სახეობა (S. marianum); 150 სმ-მდე სიმაღლის მარტივი ან დატოტვილი ღერო აქვს. ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები ყუწში შევიწროვებულია, ზედა ფოთლები ‒ მჯდომარე და ღერომხვევი. ყველა ფოთოლი ძარღვების გაყოლებაზე თეთრლაქებიანია, ნაპირებზე ‒ ეკლებიანი კბილებით შემოსილი. ბ-ს კალათა ყვავილედები დიდი ზომისაა, მარტოული და მრავალყვავილიანი, გარშემოხვეულია უხეში გადაღუნული, ეკლიანი, კრამიტისებრ განლაგებული საბურველის ფოთოლაკებით.

იზრდება აფხაზეთში, ქართლსა და კახეთში მთის ქვედა და შუა სარტყლის მშრალ ადგილებსა და ნათესებში. გვხვდება აგრეთვე აზერბაიჯანში, იმიერკავკასიაში, ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, ცენტრ. აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. თაფლოვანი მცენარეა, მისი თესლი შეიცავს ცხიმს. ხალხ. მედიცინაში იხმარება სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად.

ლ. ხინთიბიძე