ბაშქოი

ბაშქოი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის სახელწოდება 2012-მდე.

სოფელში შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი იყო. ერთი მათგანი, უხეშად გათლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია, აქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა 1846 გადააკეთეს და მნიშვნელოვნად შეუცვალეს სახე. დაიღუპა ბევრი ქართ. წარწერა.

სოფლის შუაგულში ასევე უხეშად გათლილი ქვით ნაგები ეკლესიის ნანგრევებია, მესამე, თლილი ქვით ნაგები ეკლესია, შემაღლებულ ადგილზე იყო აღმართული (დღეისათვის დანგრეულია). ქვა ადგილ. მოსახლეობას გაუზიდავს. შემორჩენილ ქვის დიდ ბლოკზე ამოკვეთილ ხუცურ წარწერაში მოხსენიებულია ანტონ მანგლელი, რ-ის სახელი გვხვდება გუდარეხის ეკლესიის წარწერაშიც. ე. თაყაიშვილის აზრით, ეს არის ანტონ ნაოხრებლისძე, წარმოშობით მესხი, რ-იც მეფე დიმიტრი თავდადებულის დროს (XIII ს.) მოღვაწეობდა.

ბ-ში მოქმედებს ორმოც მოწამეთა ქართ. მართლმადიდებელი ეკლესია.

ლიტ.: Т а к а й ш в и л и  Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл. 1913.