ბაჩანა

ბაჩანა

ბაჩანა (ნამდვ. სახელი და გვარი ნიკო პავლეს ძე რაზიკაშვილი) (16. V. 1866, სოფ. ჩარგალი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, ‒ 18. XII. 1928, თბილისი), პოეტი.

გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების (1885) შემდეგ მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890-იდან კი ‒ ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. 1900–20 მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში ასწავლიდა. საბოლოოდ ქვემო ქედში დამკვიდრდა. მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბ-ს პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა (კრებდა მის ნიმუშებს) და ქართ. კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. მისი შემოქმედების თემატიკას იმდროინდელი საქართვ. პოლიტ. მდგომარეობა განსაზღვრავდა. ლექსებში „ნატვრა“, „ტყვის სიმღერა“, „მუხა“, „ვინ სთქვა საქართველოზე“ და სხვ. ბ. სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით გადმოსცემდა სამშობლოს მძიმე მდგომარეობას, რაც განაპირობებდა მისი ლექსების ელეგიურ ტონს („ოცნება პატიმრისა“, „გზააბნეული“).

ბ-ს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბუნებას, როგორც ადამიანის ცხოვრების თანაზიარ ყოვლისშემძლე ძალას. ბუნების კანონზომიერებანი აბსოლუტურია, ცხოვრება მოძრაობა-განვითარებაშია, ბუნება კი „თვით არის უცვლელი, სიკვდილ-სიცოცხლის მყოფელი“. ახალი საზ-ბის მშენებლად იგი თვლის ბუნების ურყევი კანონზომიერების შეგნების მქონე თავისუფალ ადამიანს. პოემებში „თაღლაურა“ (1884), „ნანაის სიმღერა“ (1889), „საფრთხე“ (1891) პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრებას აღწერს; პოემა-რომანში „წაწლობა“ (1919–24) ბ. ფშავის თემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობას ააშკარავებს. XX ს. დასაწყისში მის პოეზიაში ჩნდება ადამიანთა უფლებრივ-ქონებრივი გათანასწორების მოტივი.

თხზ.: ლექსები, პოემები, თბ., 1938; მუხავ. მიყვარხარ, ტიალო: ლექსები, პოემები, [შემდგ. ივ. ქართველიშვილი], თბ., 1988.

ლიტ.: ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი  მ., ლიტერატურული ნარკვევები, [ტ.] 2, თბ., 1961; მ ა ხ ა რ ა ძ ე  ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 3, თბ., 1965; ხ ა ხ ა ნ ა შ ვ ი ლ ი  ა., ქართული სიტყვიერების ისტორია (XIX ს.), ტფ., 1917.

ს. ხუციშვილი