ბაძაღუა თამაზ პოლიკარპეს ძე (22. I. 1959, სოფ. ნახუნავო, მარტვილის მუნიციპალიტეტი, ‒ 5. XI. 1987, იქვე), მწერალი, მთარგმნელი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1979), პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1977 თსუ-ის ალმანახ „პირველ სხივში“, პირველი პოეტური კრებ. „მესამე ზარი“ ‒ 1982. მისი პიესები „რექვიემი ვერცხლის ქორწილისათვის“ (1984), „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო“ (1986), ფარდის დაშვებამდე“ (2012), „ღამე და თუთიყუში“ (2000) იდგმებოდა სხვადასხვა თეატრში. თარგმნა ფ. პეტრარკას, ჯ. ლეოპარდისა და სხვათა ლექსები.
მინიჭებული აქვს მწერალთა კავშირის ყოველწლიური პრემია პოეზიასა (1987) და დრამატურგიაში (1988); გალაკტიონ ტაბიძის პრემია (2002).
თხზ.: ქვასა და სიტყვებს შორის, თბ., 1988; მე მეშინია ჩემი სიფხიზლის, თბ., 1997; სიზმარში მაინც ვხვდებით ერთმანეთს, თბ., 2009; 100 ლექსი, თბ, 2012; LETZTE STATION (გერმ. ენაზე), თბ., 2017; 6 პიესა, თბ., 2013; ფარდის დაშვებამდე და სხვა პიესები, თბ., 2017; დრო და ილუზიები, თბ., 2020.