ბაძგი

ბაძგი, ჭყორი (Ilex), მცენარეთა გვარი ბაძგისებრთა ოჯახისა.

უმთავრესად მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია, გვხვდება ფოთოლმცვივანიც. 400-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია სამხრ. ამერ. და აზიის სუბტროპ. და ტროპ. ნაწილში, ზოგიერთი ‒ ზომიერი ჰავის ქვეყნებში. საქართველოში ბუნებრივად მხოლოდ 1 სახეობა იზრდება ‒კოლხური ბ. (I. colchica); 2,5 მ სიმაღლის ბუჩქია. გავრცელებულია ძირითადად კოლხეთში. მეზოფილურია. სხვა მარადმწვანე ბუჩქებთან (წყავი, შქერი და სხვ.) ერთად ქვეტყეს ქმნის დაჩრდილულ ფოთლოვან (განსაკუთრებით წიფლნარებში), ფოთლოვან-წიწვოვანსა და წიწვოვან ტყეებში. ალაგ-ალაგ გვხვდება აღმ. საქართველოშიც.

ძვირფასი მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში. ღერო და ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. ქერქს, ფოთოლსა და ნაყოფს ხალხ. მედიცინაში ხმარობენ. დეკორატიულია, კარგად იტანს კრეჭას, აშენებენ ბაღებსა და პარკებში. მრავლდება თესლით და ამონაყარით. ველურად გავრცელებულია აგრეთვე ლაზეთში (ახლანდ. თურქ. ტერიტორია).

საქართველოში მოშენებულია ბ-ის ეგზოტიკური სახეობებიც.

მ. სახოკია