ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში მდ. ალაზნის მარჯვ. შენაკადის ბაწარის ხეობაში, ზ. დ. 800 – 2000 მ-მდე.

შეიქმნა 1935 მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტური სახეობის უთხოვრის დაცვის მიზნით. 2003-იდან შედის ბაწარა-ბაბანურის დაცულ ტერიტორიებში. ფართობი 3042 ჰა. ნაკრძალის ტერიტ. თითქმის მთლიანად (95%) დაფარულია წიფლნარით, რცხილნარით, უთხოვრიანით, წაბლნარითა და მურყნარით. ბაწარის ხეობა უთხოვრის უდიდესი ადგილსამყოფელია მსოფლიოში. აქ 237 ჰა ფართობზე უთხოვარი მნიშვნელოვანი რაოდენობითაა შერეული წიფელთან. 11 ჰა თითქმის წმინდა უთხოვრიანია. ნაკრძალში აღრიცხულია 13 ათ-მდე ძირი დიდი ზომის უთხოვრის ხე (ყველაზე დიდი ხის სიმაღლეა 32,5 მ, დიამეტრი ‒ 165 სმ) და 207 ათ-მდე ძირი 100 წლამდე ასაკის მოზარდი. ხეობაში იზრდება კიდევ 60-მდე სახეობის ხე და ბუჩქი, რ-თაგან გარდა უთხოვრისა „საქართველოს წითელ წიგნში“ შეტანილია პასტუხოვის სურო და წაბლი.

ნაკრძალში რეგისტრირებულია 60-მდე სახეობის ფრინველი, მ. შ. ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა ბატკანძერი, სვავი და ორბი (შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“). მდ. ბაწარა განთქმულია კალმახით. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება ზღარბი, ჩვეულებრივი მემინდვრია, ძილგუდა, ამიერკავკასიური და ალთაური ციყვი, კურდღელი, მგელი, მელა, დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი, შველი, არჩვი, თეთრყელა და ყვითელყელა კვერნა, მაჩვი, ტყის კატა, წავი და სხვ. კავკასიური ფოცხვერი და წავი შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.

ბ-ის ხეობაში არის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.

ტ. ჩიქოვანი