„ბახვის მანიფესტი“, ასე ეწოდება ბახვის სასოფლო საზოგადოების გლეხთა მოთხოვნებს, რ-ებიც წაუყენეს კავკ. მთავარმმართველობის წარმომადგენელს 1905 თებ-ში.
1905 წ. 9 იანვ. სისხლიანმა კვირამ, რ-იც წინ უსწრებდა ამ მოვლენას დიდი გამოხმაურება პოვა საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში. ხელისუფლება იძულებული იყო ანგარიში გაეწია ქვეყანაში შექმნილი რევ. მდგომარეობისათვის, ამიტომ ჯერ მშვიდობიანი გზით სცადა აჯანყებულ „მცხოვრებთა ჩაგონება“. ამ მიზნით გურიაში გაიგზავნა მთავარმმართველობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი, ჯარი კი ნატანებში შეაჩერეს. კრიმ-გირეიმ 12 სოფლის საზ-ბა მოიარა (ამ დროს ოზურგეთის მაზრა 25 სოფლის საზ-ბად იყო დაყოფილი), რათა გამოერკვია „რას მოითხოვდა ხალხი მთავრობისაგან“. 1905 წ. 23 თებ. კრიმ-გირეი ჩავიდა ბახვში. გლეხებმა აირჩიეს 12 წარმომადგენელი (უმთავრესად სოც.-დემოკრატები), რ-ებმაც წამოაყენეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: საუფლისწულო, საეკლესიო, სამონასტრო მიწების კონფისკაცია და მათი უსასყიდლოდ გადაცემა მშრომელი ხალხის სარგებლობაში; ყოველგვარი საბატონო, საეკლესიო თუ სახელმწ. ბეგარისა და ყველა არაპირდაპირი გადასახადის გაუქმება; სიტყვის, კრების, ბეჭდვის თავისუფლება; პიროვნების ხელშეუხებლობა; საყოველთაო, სავალდებულო უფასო დაწყებითი სწავლება. ამასთან წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არსებული მთავრობა ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს ყველა ეს მოთხოვნა, ამიტომ საჭიროა მთელ რუსეთში შეიცვალოს წესწყობილება და სახალხო მთავრობა აირჩეს საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით. გურიის ამბებზე ვრცელი სტატიები დაიბეჭდა როგორც ადგილ., ისე რუს. ჟურნალ-გაზეთებში. ბახვის გლეხობის მოთხოვნებზე კორესპონდენცია (სათაურით „გურიაში“) დაიბეჭდა აგრეთვე ბოლშევიკურ გაზეთ „ვპერიოდში“, რ-იც საზღვარგარეთ გამოდიოდა და არალეგალურად ვრცელდებოდა რუსეთში. კორესპონდენციაში ბახვის გლეხთა მოთხოვნები მანიფესტად იყო მოხსენიებული. ამის გამო დაერქვა მას „ბ. მ.“
ლიტ.: „ცნობის ფურცელი“, 1905, 26 თებ., № 2755; «Вперед», 1905, 16 марта, № 12.
ს. ბერიძე