ბახთალა

ბახთალა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ღვთისმშობლის ეკლესია საინგილოში, საქართველოს ისტ. პროვინცია ჰერეთში (ახლანდ. აზერბ. რესპ. ზაქათალის რ-ნში, სოფ. ალიაბადის ჩრდ.-დას-ით 7 კმ-ზე).

აგებულია XVI ს. პირველ ნახევარში (დაახლ. 1540). დგას გვიანდ. ფეოდ. ხანის კახეთის სამეფოს ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ცენტრის ძეგამის (სპარს.-თურქ. წყაროებით ‒ ზაგემის) ნაქალაქარზე. მცირეფართობიანი მაღალი, გუმბათოვანი ეკლესია ნაშენია აგურით. კარნიზებისა და ფასადის ზედა ნაწილებისათვის გამოყენებულია შირიმი, შირიმითვე იყო ამოყვანილი გუმბათის ყელი (1971-იდან გუმბათი აღარ არსებობს და ძეგლიც დაზიანდა). გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის კუთხეებსა და ორ ბურჯს. კუთხის ოთხივე სათავსის გადახურვა აფრულ-გუმბათოვანია. შესასვლელი დას-იდან და ჩრდ-იდან ჰქონდა. შენობის ფასადები სადაა. ჩრდ. და სამხრ. ფასადებზე გამოყენებულია შუა ფრონტონები.

გუმბათის ყელის სარკმლები და ნიშები გაფორმებული იყო შეისრულთაღიანი ზედანებით. ჩრდ. ფასადის ზედა ნაწილს ამკობს აგურის ფიგურული წყობით გამოყვანილი ზოლი, ასევე იყო დეკორირებული გუმბათის ყელის ზედა ნაწილიც. ტაძარში მხოლოდ საკურთხევლის აფსიდი იყო მოხატული. კონქის ქვეშ გამოსახულია რვა მედალიონი, რ-ებშიც ჩახატულია ნახევარფიგურები.

ლიტ.: ა დ ა მ ი ა  ი., ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, წგ. 3 - საინგილო, თბ., 1979; ჭ ი ლ ა შ ვ ი ლ ი  ლ., კახეთის ქალაქები (XIV – XVII სს.), თბ., 1980; Ч у б и н а ш в и л и  Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.

გ. მარჯანიშვილი