ბახმარო

ბახმარო, მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ფერდობებზე, მდ. ბახვისწყლის გაშლილ ხეობაში. ზ. დ. 1920 – 2050 მ. ჩოხატაურიდან 55 კმ, თბილისიდან 365 კმ. ზღვასთან სიახლოვის გამო ბ-ს მთის ჰავის ფორმირებაში საკმაოდ გამოხატულია ზღვის გავლენა, ზამთარი დიდთოვლიანია და ზომიერად რბილი (იანვ. საშ. ტემპ-რა ‒ 5,5°C), თოვლის საფარი ზოგჯერ 4 – 5 მ აღწევს და 6 თვის განმავლობაში დევს.

ზაფხული მოკლეა, ზომიერად გრილი (აგვ. საშ. ტემპ-რა 13,4°C) და ზომიერად მშრალია. ნალექების წლიური რაოდენობა 1600 მმ შეადგენს. მზის ნათების ხანგრძლივობა წლიურად 2050‒2200 სთ. შეფარდებითი სინოტივე 73%. ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია მთისა და ზღვის ჰაერის მასების შერწყმული მოქმედება, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი ინტენსივობა.

რეკომენდებულია სუნთქვის ორგანოთა დაავადებების (განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში), ტუბერკულოზის სხვადასხვა (ფილტვის, ძვალ-სახსართა) ფორმის, ანემიის, ნევრასთენიის დაავადებათა სამკურნალოდ. ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება ტრადიციული დოღი. და სხვა.

გ. უშვერიძე