ბახტაძე ილია ლუკას ძე

ბახტაძე ილია ლუკას ძე (ფსევდ. ხონელი) (26. V. 1859, ხონი, ‒ 13. VII. 1900, სოხუმი, დასაფლავებულია ხონში, წმ. გიორგის ეკლესიის გალავანში), პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.

სწავლობდა ქუთ. გიმნაზიაში; იყო პეტერბ. უნ-ტის თავისუფალი მსმენელი. მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1876 („სცენის მოყვარეთა წრის მიერ წარმოდგენების დადგმა ვითომ სტუდენტთა სასარგებლოდ“, „დროება“, № 64). პეტერბურგში ყოფნისას თანამშრომლობდა იქაურ რუს. პრესაში („პორიადოკი“, „სტრანა“ ‒ ლიბერ.-ბურჟ. ორგანოები).

1881 „დროებაში“ (№68) დაიბეჭდა ბ-ის პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ?“, რ-შიც ავტორი დასცინოდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის კურთხევაზე ქუთ. გუბერნიიდან გაგზავნილ თავად-აზნაურთა დელეგაციას, რ-საც მოუთხოვია რევოლუციონერთა მიერ მოკლული ალექსანდრე II-ის სამახსოვრო ვენზელის ტარება. ბ. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში („დროება“, „ივერია“, „კავკაზი“, „ნოვოე ობოზრენიე“, „კვალი“, „მოამბე“) სატირულ-იუმორისტული ფელეტონების სერიებში („საკვირაო სხარტულა“, „სახელდახელო“, „კვირის საუბარი“, „კვირის სურათები“) და სხვ. იგი ამხელდა თავისი დროის საზ. ცხოვრების მანკიერ მხარეებს.

თარგმნა მ. სალტიკოვ-შჩედრინის, ა. ბუვიეს, ე. ზოლას, ა. დოდეს და სხვათა თხზულებები.

ლიტ.: მ ა ნ ს ვ ე ტ ა შ ვ ი ლ ი  ი., მოგონებანი, თბ., 1936; ნ ა ც ვ ა ლ ა ძ ე  დ., ილია ხონელი, ბათ., 1960; ქ ი ქ ო ძ ე  გ., რჩეული თხზულებანი 3 ტომად, ტ. 1, თბ., 1963; Т у м а н о в  Г., Характеристики и воспоминания, кн. 1, Тфл., 1907.

ს. ხუციშვილი