ბახტაძე ქსენია ერმილეს ასული

ბახტაძე ქსენია ერმილეს ასული [24. I (5. II). 1899, თბილისი, ‒ 26. IX. 1978, დაბა ჩაქვი, ქობულეთის მუნიციპ-ი], სელექციონერი, საქართვ. მეცნ. აკად. (1955) და საკავშ. სას.-სამ. მეცნ. აკად. (1956) აკადემიკოსი. საქართვ. (1960) და აჭარის (1966) მეცნ. დამს. მოღვაწე.

დაამთავრა თბილ. სახელმწ. პოლიტექ. ინ-ტის სას.-სამ. ფაკ-ტი მემცენარეობის განხრით (1922). 1921 – 26 მუშაობდა თბილ. ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის (ახლანდ. გარდაბნის მუნიციპ-ი) და განჯის საცდელ სადგურებში, 1927-იდან ‒ ჩაქვის საცდელ სადგურში (ახლანდ. ჩაის, სუბტროპ. კულტურებისა და ჩაის მრეწვ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი), სადაც ხელმძღვანელობდა ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყ-ბას. მის მიერ გამოყვანილი ჩაის 19 ჯიშიდან აღსანიშნავია „ქართული სელექციური ჩაი № 1“, „ქართული სელექციური ჩაი № 2“, რ-თა შექმნისათვის ბ-ს მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1948) და „სელექციური № 8“ – „ზამთრის გმირი“.

ბახტაძისეულ ჯიშებს მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს და ამავე დროს უხვმოსავლიანია.

ბ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. სოციალ. შრომის გმირი (1966).

თხზ.: ჩაის მცენარის მორფოლოგიური შემადგენლობა საქართველოში, ტფ., 1935; ახალი ქართული ჩაი, ბათ., 1950.

გ. თოდუა