ბახჩალო-ყიშლა

ბახჩალო-ყიშლა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოს ისტორიულ პროვინციაში ‒ ოლთისში (ახლანდ. თურქ. ტერიტორია).

გეგმით ტრიკონქის ტიპის ეკლესიის სამივე მკლავის აფსიდები გარედან სწორკუთხა კედლების ფარგლებშია მოქცეული. დასავლეთის სწორკუთხა მკლავი დანარჩენებზე გრძელია. გუმბათი დაყრდნობილია კედლებზე. როდესაც ე. თაყაიშვილმა ძეგლი მოინახულა და აღწერა, იგი იმდენად იყო დანგრეული, რომ ვერ დაადგინა ტრომპებს ეყრდნობოდა გუმბათი თუ აფრებს, რის გამოც ძეგლის დათარიღება გაძნელდა.

ეკლესიას შესასვლელი დასავლეთის მკლავის სამხრ. კედელში აქვს, რაც „თავისუფალი ჯვრისა“ და „ნახევრად თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გარდამავალი ხანის ძეგლებისათვის არის დამახასიათებელი. ყველა მკლავში (ჩრდილოეთის მკლავის გარდა) ჩატანებულია თითო სარკმელი. კედლები შიგნით და გარედან შემოსილია ლამაზად გათლილი მუქი მოწითალო ქვით. ეკლესიის ირგვლივ, ძვ. სასაფლაოზე, ცხენების, ცხვრებისა და სხვა ცხოველების ქანდაკებებით შემკული საფლავის ქვებია.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ ძეგლი არა უგვიანესი X საუკუნისაა.

ლიტ.: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი  ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938; Б е р и д з е  В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры. Тб., 1981.

ვ. ბერიძე