ბაჯოხარაჯი

ბაჯოხარაჯი, მსუბუქი ხარკი.

სეფიანთა ირანში დაკავშირებული იყო პატრონყმურ ურთიერთობასთან. ფეოდალურ სამთავროთა მფლობელებს, რ-ებიც ცნობდნენ სეფიანთა შაჰების უზენაესობას, მაგრამ ჩვეულებრივი მოხელეებისაგან განსხვავებით გარკვეული ტერიტ. ეჭირათ სამკვიდროდ, ბ-ის გაღება და სალაშქრო მოვალეობა ეკისრებოდათ.

XVI ს. I მეოთხედში ქართლის მეფე დავითი, კახეთისა ‒ ლევანი, სამცხის მთავრები ყვარყვარე და მანუჩარი შაჰ ისმაილ I-ს უხდიდნენ ბ-ს, ხოლო XVI ს. უკანასკნელ მეოთხედში კახთა მეფე ალექსანდრე ოსმალეთსა და ირანს უხდიდა ამ გადასახადს. ბ. განსხვავდებოდა ხარკის მძიმე ფორმების „ხარაჯისა“ და „მალ-მალუჯათისაგან“, რ-ებიც ქვეყნის აღწერას გულისხმობდა.

მას საშუალო თუ გარდამავალი ადგილი ეკავა „საურსა“ და „ხარაჯას“ შორის. ბ-ის შეცვლა „მალით“ თუ „მალუჯათით“ არსებითად ცვლიდა საქართველო-ირანის ურთიერთდამოკიდებულების პოლიტ. ფორმას, აუარესებდა დამოკიდებული ქვეყნის საერთო პოლიტ. და ეკონ. მდგომარეობას.

ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი  ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958; კ ა ც ი ტ ა ძ ე  დ., ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (შაჰ-ისმაილ I-ის საქართველოში ლაშქრობის საკითხისათვის), «თსუ შრომები», 1964, ტ. 108.

დ. კაციტაძე