ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში. ჩრდ-ით ესაზღვრება ხარაგაულის, ხაშურის, ქარელისა და გორის, აღმ-ით – წალკის, სამხრ-ით – ახალქალაქისა და ასპინძის, დას-ით – ახალციხის მუნიციპალიტეტები. ფართ. 1189 კმ². მოსახლ. 25,2 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. ბორჯომი. ბ. მ-ში არის 1 ქალაქი, 4 დაბა (ახალდაბა, ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი), 39 სოფელი, 1 სათავო სოფელი, 3 დაბის ტერიტორიული ორგანო, 8 თემი: ბალანთის, გვერდისუბნის, გუჯარეთის, დვირის, ტაბაწყურის, ტაძრისის, ტბის, ყვიბისის.

ისტორიული ცნობა.

ბ. მ. უძველესი ადმ.-ტერ. დაყოფის მიხედვით ერთიანი არ ყოფილა. ახლანდ. ბ. მ-ის დას. ნაწილი სამცხეში შედიოდა, აღმოსავლეთი კი (გუჯარეთი, ტაბაწყური) – ქართლში. ადრინდ. ფეოდ. ხანაში აქ ორი ადმ.-ტერ. ერთეული იყო: გუჯარეთისხევი და თორი (სადგერისხევი და მტკვრის ხეობა). განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში ბ. მ-ის უდიდესი ნაწილი (თორი) თორელთა მამულს წარმოადგენდა, დანარჩენი კი მათი საგამგებლოს ფარგლებში შედიოდა. XV ს-ში იგი სამცხის ათაბაგის მფლობელობაში გადავიდა. XVI ს. ბოლოს ოსმალეთს დაემორჩილა და „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს.) პეტრეს (ავალიშვილის) ლივადაა (ოსმ. ადმ. ერთეული) დასახელებული. შეიცავს ქაშვეთისა და პეტრეს ნაჰიეებს (რ-ნებს). XVII ს. I ნახევარში ირან-ოსმ. ზავის შედეგად თორის მხარე ქართლს შემოუერთდა. 1871 ბ. მ-ის დიდი ნაწილი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საუფლისწულო მამული გახდა (1918 ამიერკავკ. სეიმმა იგი სახელმწ. საკუთრებად გამოაცხადა). 1930-მდე ახლანდ. ბ. რ-ის ტერიტ. შედიოდა გორის მაზრაში, 1930-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად. 1963–64 შედიოდა ხაშურის რ-ნში, 1965-იდან კვლავ გამოიყო ახლანდ. საზღვრებში.

ბუნება.

ბ. მ. მოიცავს თრიალეთის ქედის დას. და მესხეთის ქედის აღმ. დაბოლოებებს. მუნიციპ-ის ფარგლებშია თრიალეთის ქედის განშტოებები – გვირგვინა (ჩრდ.-დას-ით) და ციხისჯვარი (სამხრ.-დას-ით), რ-თა მწვერვალები – თორტიზა, გვირგვინა, მურყნევი, ჯამჯამა, ქვაჯვარი, კოდიანი და სხვ. 2000–2850 მ სიმაღლეს აღწევს. თრიალეთის ამ განშტოებებს შორის მდებარეობს თორის ქვაბული. მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალების (ლომისმთა და სხვ.) სიმაღლეა 2000–2200 მ. ტერიტ. მნიშვნელოვანი ნაწილი ბორჯომის ხეობას უჭირავს. ტერიტ. აგებულია უმთავრესად ეოცენური ვულკანოგენური წყებებითა და დანალექი ქანებით. გვხვდება მეოთხეული მდინარეული და ტბიური ნალექებიც. მუნიციპ-ში განვითარებულია საშუალმთიანი ეროზიული რელიეფი, რ-შიც კარგად არის გამოხატული ვულკანიზმის კვალი. აქ არის ბაკურიანის, გუჯარეთისა და დაბაძველის ვულკ. ცენტრები, რ-ებისგანაც ამოფრქვეული ლავები ზოგან პლატოებს ქმნის.

მუნიციპ-ის ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ბორჯომის ფართოდ ცნობილი სამკურნ. წყალი, აგრეთვე მიტარბის, წაღვერის, ციხისჯვრის, ვაშლოვნის და სხვ. მინერ. წყაროები; ბ. მ. მდიდარია საშენი ქვით (ანდეზიტი, ბაზალტი, პემზა).

ჰავა გარდამავალია კონტინენტურ-სუბტროპიკულიდან ზღვის სუბტროპიკულზე. იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 8,3-იდან 0,1°C-მდეა, იანვ. –3, -6°C, აგვ. 14–18°C; აბსოლ. მინ. –36°C, აბსოლ. მაქს. 37°C. ნალექები 550–800 მმ წელიწადში, მაქს.– მაის-ივნისში (88–162 მმ), მინ.– დეკ.-იანვ.-ში (37–63 მმ). თოვლი მოდის ნოემბრიდან მარტამდე ქვედა ზონაში და ოქტ-იდან მაისამდე ზედა ზონაში. პლატოზე ქრის დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარი, ხეობებში გაბატონებულია მთა-ხეობის ქარი. ქარის საშ. სიჩქარე 8 მ/წმ-მდეა, დროდადრო 20 მ/წმ აღწევს.

მუნიციპ-ის ტერიტორიას სამხრ.-დას-იდან ჩრდ.-აღმ-კენ კვეთს მდ. მტკვარი. მარჯვნიდან მას ერთვის მდ-ები ბორჯომულა და გუჯარეთისწყალი. მდ-ები ძირითადად საზრდოობენ თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის აპრ.-მაისში, წყალმცირობა – ზამთარში. მდ-ებს იყენებენ როგორც ენერგეტ. მიზნით, ისე სარწყავად. ბ. მ-ში ბევრი ტბაა: ტაბაწყური, კახისის ტბა, წეროს ტბა, მინდიაშვილის ტბა და სხვ.

უმთავრესად გავრცელებულია ტყის ყომრალი და გაეწრებული ყომრალი ნიადაგები (1100–1300 მ-იდან 1600–1700 მ-მდე). ქვედა ზონაში ტყის ყავისფერი ნიადაგია. ტყის ზონის ზემოთ განვითარებულია მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგი.

მუნიციპ-ში 1600-ზე მეტი სახეობის მცენარეა. ტერიტ. თითქმის 2/3 უჭირავს ტყესა და ბუჩქნარს. ჭარბობს ნაძვნარ-სოჭნარი და ნაძვნარ-წიფლნარი, არის ფიჭვნარიც. ტყეში ზოგან მარადმწვანე ქვეტყე და კოლხური ლიანებია. შერეულ ტყეში წიწვოვნების გვერდით გვხვდება წიფელი, ნეკერჩხალი, მუხა და სხვ. 2100–2200 მ სიმაღლეზე ტყეს ცვლის სუბალპ. მდელოები, რ-ებიც სათიბ-საძოვრებადაა გამოყენებული.

მუნიციპ-ში ძუძმწოვრებიდან გვხვდება ირემი, შველი, ტყისა და თეთრყელა კვერნები, წავი, მაჩვი, მგელი, მელა, იშვიათად – მურა დათვი, აქა-იქ – ფოცხვერი. მრავალგანაა კავკასიური ციყვი, თელეუთური ციყვი (აკლიმატიზებულია); ფრინველებიდან ბინადრობს კავკასიური როჭო, არწივი, კოდალა და სხვ. ქვეწარმავლებიდან – ცხვირრქოსანი გველგესლა, ანკარა, ბოხმეჭა და სხვ.; ამფიბიებიდან – კავკასიური სალამანდრა, რამდენიმე სახეობის ტრიტონი, კავკასიური ჯვრიანა და სხვ. მდ-ებსა და ტბებში არის კალმახი, მურწა და სხვ.

მუნიციპ-ის ფლორისა და ფაუნის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე შექმნილია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

ძირითადი ლანდშაფტები ძირითადი ლანდშაფტები: 1. მთა ხეობათა ლანდშაფტი რცხილნარ-მუხნარით, ჭალისა და ნაწილობრივ წიწვოვანი ტყით, ალუვიური და ტყის ყომრალი ნიადაგებით; 2. საშუალო მთები წიფლის ტყითა და ტყის ყომრალი ნიადაგით; 3. საშუალო მთები წიწვოვან-ფოთლოვანი (ფიჭვნარ-წიფლნარ-მუქწიწვოვანი) ტყითა და გაეწრებული ყომრალი ნიადაგით; 4. სუბალპ. მდელოები მთა-მდელოს ნიადაგით.

მოსახლეობა.

მოსახლეობის უმეტესობა ქართველები არიან, ცხოვრობენ აგეთვე სომხები, ოსები, ბერძნები, რუსები და სხვ. თანამედროვე მოსახლეობა გაჩნდა XIX ს. 30-იანი წლებიდან: ქართ. მოსახლეობა უმთავრესად ზემო ქართლიდან და იმერეთიდანაა მოსული; ბერძნები გიუმიშჰანიდან (ოსმალეთი) ციხისჯვარში დასახლდნენ, უკრაინელები პოლტავის გუბერნიიდან – წაღვერში; ოსები გუჯარეთსა და მიტარბში დასახლდნენ XIX ს. II ნახევარში. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 700–2000 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 21,2 კაცი 1 კმ²-ზე (2014). მთელი მოსახლ. 60% ცხოვრობს ურბანულ დასახლებებში.

მეურნეობა.

ბ. მ. თავისი ადგილმდებარეობით, მდიდარი ბუნებრივი რესურსებით და უნიკალური ბუნებით ქმნის საუკეთესო გარემოს ეკონომიკის განსავითარებლად. წამყვანია საკურორტო მეურნეობა. მრეწვ. და სოფ. მეურნ. მომსახურე დარგების ფუნქციას ასრულებს. მუნიციპ-ში არის მინერ. წყლის ჩამომსხმელი, მინის, პურის, ყველისა და რძის ქ-ნები, ხორცკომბინატი. ბაკურიანის მახლობლად წარმოებს ანდეზიტის მოპოვება. ახალდაბაში არის ავეჯის ფ-კა, წაღვერში – ხე-ტყის სახერხი ქ-ნა. მდ. მტკვარზე აგებულია ჩითახევის ჰიდროელექტროსადგური.

სოფ. მეურნ. ძირითადი დარგებია მეცხოველეობა, მებოსტნეობა და მეხილეობა. 46 ათ. ჰა უჭირავს სას.-სამ. სავარგულს, აქედან 10 ათ. ჰა სახნავ-სათესი (22%) მიწაა, 26 ათ. ჰა (78%) – სათიბ-საძოვარი. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები – უმთავრესად სიმინდი და ხორბალი, აგრეთვე ბოსტნეული კულტურები, ხილი. მეცხოველეობის დარგებიდან წამყვანია მესაქონლეობა და მეცხვარეობა.

ბ. მ-ზე გადის ხაშურ–ვალის რკინიგზის ხაზი; სადგ. ბორჯომი ვიწროლიანდიანი ელექტრიფიცირებული ხაზით დაკავშირებულია დაბა ბაკურიანთან. მუნიციპ-ს კვეთს ხაშურ–ახალციხე–ვალის და ბორჯომ–ბაკურიან–ახალქალაქის საავტ. გზები.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა.

ბ. მ-ში არის საჯარო და სამუსიკო სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, კულტურის სახლი, კინოთეტარი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სახალხო თეატრი, თოჯინების სახელმწ. თეატრი.

მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ და შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (დაბა ბაკურიანი). ფუნქციონირებს მაღალი კლასის (ხუთ, ოთხ, და სამვარსკვლავიანი) სასტუმროები, მცირე ზომის სასტუმროები და სასტუმრო სახლები, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსები.

ბ. მ. მდიდარია მთის კლიმ. და ბალნეოლ. კურორტებით (ბორჯომი, წაღვერი, ცემი, პატარა ცემი, ლიბანი, ბაკურიანი).

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები.

ბ. მ-ის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: ნეძვის სამეკლესიიანი ბაზილიკა, დაბა|დაბის, დვირის (საკვირიკე, X ს.), სადგერის წმ. გიორგის (XV ს.), ტაბაწყურის ეკლესიები; ტიმოთესუბნის, ლიკანის, ჩითახევის სამონასტრო კომპლექსები; ქვაბისხევის, ციხისჯვრის ციხე-ეკლესიები, ახალდაბის, რველის (სამის ციხე), საკირის, წაღვერის ციხეები (ყველა შუა საუკ.). ბორჯომის მიდამოებში არის გოგიას და პეტრეს ციხეები (განვითარებული შუა საუკუნეები), დვირის ციხე. შემორჩენილია აგრეთვე ანტ. პერიოდის და ადრინდ. ფეოდ. ხანის ნასოფლარები ქვის „გვირგვინიანი“ შენობებით.

ჟ. ზონენაშვილი

დ. ბერძენიშვილი

ე. ბაგრატიონი