ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრ. ფერდობებზე 800-იდან 2000 მ სიმაღლემდე.
დაარსდა 1935. ნაკრძალის ფართობია 17,948 ჰა, ტყით დაფარულია 16,260 ჰა. ნაკრძალის კლიმატზე გავლენას ახდენს სამხრ. მთიანეთის კონტინენტური, მშრალი ჰავა და დას. საქართველოს ზღვის ნოტიო ჰავა.
მის ტერიტორიაზე, ბანისხევში, თავმოყრილია კოლხ. ფლორის დამახასიათებელი მცენარეები – წყავი, შქერი, ჭყორი, წაბლი, უთხოვარი, იმერული ხეჭრელი და სხვ.; ტყის კომპლექსებს ქმნიან დას. საქართველოსათვის დამახასიათებელი კოლხ. ტიპის წიფლის ტყეები თავისი მარადმწვანე ქვეტყით. ბანისხევის დას-ით ყველა ხეობაში (ლიკანის, ზოვრეთის და სხვ.) კოლხ. მცენარეულობა მცირდება და ქვაბისხევში უკვე ჭარბობს სიმშრალის მოყვარული მცენარეები, მაგ., კავკასიური ფიჭვი, რ-ის კორმოებში ქვეტყეს ქმნის ღვია, გლერძა, გრაკლა, კუნელი, შინდი, ასკილი და სხვ. ნაკრძალში არის აგრეთვე სოჭი, ნაძვი, უხრავი, რცხილა, მურყანი, არყი, მაღალმთის ნეკერჩხალი, ლეკის ხე და სხვ. ძუძმწოვართაგან გვხვდება ირემი, შველი, არჩვი, მურა დათვი, ტყის კატა, ფოცხვერი, მაჩვი, წავი, თეთრყელა და ტყის კვერნები, ამიერკავკასიური ციყვი (აკლიმატიზებული თელეუთური ციყვი); ფრინველებიდან – როჭო, ნისკარტმარწუხა, შაშვი, კოდალა, არწივი და სხვ.
კ. მამისაშვილი