ბოსელი, ბოსლა, ბოსლე (სვან. ბოსლო ||ოსლო, ბამბღუ|| ბემბღუ ||ბომბღა||ბობღა), ნაყოფიერებისა და გამრავლების წარმართული ღვთაება ძვ. საქართველოში. მისი კულტი ასახულია ბოსლობის დღეობაში.
ბ-ის უმთავრეს ფუნქციას შეადგენდა საქონლის გამრავლება და მფარველობა. ამიტომ მას „საქონლის ბატონის“ და „საქონლის ანგელოზის“ (უფრო ადრე სავარაუდოა „საქონლის პატრონი“, „საქონლის უფალი“) ეპითეტებითაც მოიხსენიებდნენ.
ბ. თავდაპირველად ცხოველური სახის არსებად, კერძოდ, ხარად უნდა ჰყოლოდათ წარმოდგენილი. ქართვ. ხალხის ასრტალური რელიგიის მაღალ საფეხურზე, რ-იც განვითარებული მიწათმოქმედებისა და სათანადო სოც. წყობილების ზედნაშენს წარმოადგენს, ბ. სამიწათმოქმედო მეურნეობას დაუკავშირდა, ასტრალურ ღვთაებათა წრეში მოექცა და ანთროპომორფული სახე მიიღო. ამ საფეხურზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა ღვთაების ფუნქციები და მისი მსახურების ფორმები, რაც ახალი წლის ციკლის დღეობებში უფრო მრავალფეროვნად გამოვლინდა.
დროთა ვითარებაში ღვთაება ბ. გარდაიქმნა „დიდ ღმერთად“ (სვან. ხოშა ღერბეთ, ფუსნაბუასდია), რ-ის კულტი ხარისა და მზის კულტების შერწყმის ნიადაგზე ჩამოყალიბდა ასტრალური სარწმუნოების განვითარების გვიანდ. საფეხურზე. დროთა განმავლობაში ქრისტიანობის ზეგავლენით ბ. ბასილის (ბასილას) თანაზიარი გახდა და ასე იხსენიებოდა ქართ. საახალწლო რიტუალებში.
ლიტ. იხ. სტ-თან ბოსლობა.
ა. სოხაძე