ბოსლობა

ბოსლობა (სვან. ბოსლობ, ბემბღუ, ლიღმესარი), ნაყოფიერების და გამრავლების ღვთაება ბოსელის კულტთან დაკავშირებული მოძრავი ხალხ. დღეობა (იხდიდნენ იანვარსა ან თებ-ში) დას. საქართველოში. ძველად საქართვ. ყველა კუთხეში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. საბოსლო წეს-ჩვეულებათა შესრულების მიზანი იყო საქონლის და შინაური ფრინველის გამრავლება-სისაღე, მარცვლეულისა და ღვინის უხვი მოსავალი, ყანა-ვენახების დაცვა უამინდობისა და სოფ. მეურნ. მავნებელთაგან. ბ-ის მთავარი აქტი სრულდებოდა საქონლის სადგომში – ბოსელში.

ქვემო რაჭაში სადღესასწაულოდ მეტწილად სამ ლობიოსგულიან „განატეხს“ (სარიტუალო პური) აცხობდნენ: ერთს ძროხებისათვის, მეორეს ხარებისათვის და მესამეს „ვენახის მისალოცავად“. გამოცხობის წინ „ძროხის განატეხზე“ დააწებებდნენ ცომისაგან გაკეთებულ „ჯიქანს“, ხოლო „ხარის განატეხზე“ – სახვნელისა და უღლის გამოსახულებას. ვენახის მისალოცავ „განატეხს“ მტევნებიანი ვაზის ფორმა ჰქონდა. შეღამებისას „ძროხის“ და „ხარის“ განატეხები, ერთი ხელადა ღვინო და ანთებული სანთელი ბოსელში შეჰქონდათ, სადაც ოჯახის უფროსი ხარსა და ძროხას შუბლზე სანთლით თმას შეუტრუსავდა, ტანზე კვერცხს გადაუსვამდა. ბოსელში მყოფთაგან ყველა ჭიქა ღვინოს შესვამდა და საქონელს დალოცავდა.

ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე  ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953; ს ო ხ ა ძ ე  ა., ქართველთა უძველესი სარწმუნოებისა და მის გადმონაშთებთან ბრძოლის ისტორიიდან, თბ., 1964.

ა. სოხაძე