ბოსტნეული კულტურები, ერთ, ორ და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები, რ-თა გარკვეულ ნაწილს (ღერო, ფოთოლი, ყლორტი, ძირხვენა, ნაყოფი, ბოლქვი და სხვ.) საჭმელად იყენებენ. საქართველოში მოჰყავთ 70-მდე სახის ბოსტნეული, რ-ებიც ბიოლოგიურად მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ყველა ბოსტნეული განეკუთვნება უმაღლეს ყვავილოვან მცენარეებს. ერთლებნიან ხახვისებრთა და თივაქასრასებრთა ოჯახების გარდა, ყველა ორლებნიანია. ჩვენში გავრცელებული ბ. კ. განეკუთვნება შემდეგ ბოტანიკურ ოჯახებს: 1. კომბოსტოსნაირთა – თავიანი კომბოსტო, ბრიუსელის ანუ თავებიანი კომბოსტო, ბროკოლი, კოლრაბი და კეჟერა კომბოსტო, პეკინის კომბოსტო, მიწამხალა, თალგამი, ბოლოკი, პირშუშხა; 2. ძაღლყურძენასებრთა – პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ფიზალისი, კარტოფილი; 3. გოგრისებრთა – კიტრი, ყაბაყი, საზამთრო, ნესვი, გოგრა; 4. ნიახურისებრთა –სტაფილო, ძირთეთრა ნიახური, ოხრახუში, ცერეცო, კამა; 5. ასტრისებრთა – სალათა, სასალათე არდი, ტარხუნა, არტიშო, ძირშავა; 6. ნაცარქათამასებრთა –სუფრის ჭარხალი, საფოთლე ჭარხალი, ისპანახი; 7. პარკოსანთა – ბოსტნის ბარდა, ჩვეულებრივი ლობიო, ცერცვი; 8. მატიტელასებრთა – მჟაუნა, რევანდი; 9. ხვართქლასებრთა – ბატატი; 10. ლაშქარასებრთა–კიტრისუნა; 11. ჭინჭრისდედისებრთა–მაიორანი, უსუპი, როზმარინი, რეჰანი, პიტნა, ომბალო; 12. ხახვისებრთა – თავიანი ხახვი, პრასა, ნიორი, ჭლაკვი, ღანძილი, სატაცური; 13. თივაქასრასებრთა–ბოსტნის (შაქრის) სიმინდი; 14. ფირფიტოვანთა – ქამასოკო ანუ შამპინიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით ბ. კ. იყოფა ერთ, ორ და მრავალწლოვან მცენარეებად. ერთწლოვანები სასიცოცხლო ციკლს ამთავრებენ ერთ წელიწადში (თესლიდან თესლამდე) და კვდებიან. მათ განეკუთვნება ძაღლყურძენასებრთა, პარკოსანთა, გოგრისებრთა ოჯახების მცენარეები, აგრეთვე თვის ბოლოკი, ცერეცო, სალათა, ისპანახი, პეკინისა და ყვავილოვანი კომბოსტო. ორწლოვან მცენარეებს სიცოცხლის პირველ წელს უვითარდებათ პროდუქტიული ორგანოები, რ-ებსაც საჭმელად ვიყენებთ, ხოლო მეორე წელს გვაძლევენ თესლს. მათ განეკუთვნება თავიანი ხახვი, პრასა, ნიორი, ძირხვენები (თვის ბოლოკის გარდა), კომბოსტოსნაირნი (გარდა ყვავილოვანი და პეკინის კომბოსტოსი), არტიშო. ზამთრის პირზე ისინი კარგავენ ფოთლებს, ხოლო ხშირად – ფესვებსაც, ინარჩუნებენ მხოლოდ საკვებ ნივთიერებათა სამარაგო ორგანოებს. მრავალწლოვანი ბოსტნეული მცენარეებისათვის დამახასიათებელია მრავალჯერადი მსხმოიარობა, ასეთია რევანდი, მჟაუნა, სატაცური, პირშუშხა, ტარხუნა, ჭლაკვი, მრავალიარუსიანი ხახვი. შემოდგომაზე მათ უვითარდებათ მიწისზედა ნაწილები, ხოლო ძირები, სადაც საკვები მარაგია დაგროვილი, ინახება მომავალი წლის გაზაფხულამდე. ყოველი წლის გაზაფხულზე ეს მცენარეები აახლებენ ზრდას.
საჭმელად გამოსაყენებელი ორგანოების მიხედვით ბ. კ. იყოფა 4 ჯგუფად: საფოთლე – კომბოსტო, ცერეცო, სალათა, ისპანახი და სხვ.; სანაყოფე – კიტრი, ნესვი, საზამთრო, პამიდორი, ბადრიჯანი, ლობიო, შაქრის სიმინდი და სხვ.; ძირხვენები – ბოლოკი, თვის ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი და სხვ.; ბოლქვიანნი – ხახვი, პრასა, ჭლაკვი. სურნელოვან-არომატულ ბ. კ-ს განეკუთვნება ქინძი, წიწმატი, პიტნა, მაიორანი, კიტრისუნა, ნიახური, ტარხუნა.
ბოსტნეული შეიცავს ვიტამინებს, მინერ. მარილებს, ნახშირწყლებს, ცილებს და სხვ. ხახვში, ნიორში, ბოლოკში, ნიახურში და სხვ. მცენარეებში არის ფიტონციდები, რ-ებსაც ბაქტერიციდული თვისებები აქვთ. ბ. კ-ის უმეტესობა ტროპ. და სუბტროპ. წარმოშობისაა. ბევრი მათგანი სითბომოყვარულია და ნაყოფიერ და ტენიან ნიადაგს მოითხოვს.
საქართველოში ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული ბ. კ. მათგან ბევრი ქართული ჯიშია ცნობილი. კიტრის – მუხრანული, ახალციხური (ლანგა); ხახვის – მარნეულის, კახური წითელი, სხვილისის, ბრილის ანუ ქართლის, ვანის; კომბოსტოსი – მესხური, ბორჯომის იდეალი, ბერბუკელა, სამტრედიული ხარისგულა; ბადრიჯნის – გარდაბნული, შავგვრემანი და სხვ.
ლიტ.: კ ვ ა ჭ ა ძ ე გ., მებოსტნეობა, თბ., 1965; М а т в е е в В. П., Рубцов М. И., Овощеводство, М., 1985.
გ. კვაჭაძე