ბოსფორის სახელმწიფო, ბოსფორი, ანტიკური მონათმფლობელური სახელმწიფო ჩრდ. შავიზღვისპირეთში. წარმოიქმნა ძვ. წ. V. ს. 80-იან წლებში ქერჩისა და ტამანის ნ.-კ-ებზე არსებული ბერძნ. კოლონია-პოლისების გაერთიანების შედეგად, რაც ნაკარნახევი იყო მათი საერთო სავაჭრო-ეკონ. (ხორბლეულის ექსპორტი) და სამხ.-თავდაცვითი ინტერესებით (ირგვლივ მცხოვრები ტომების თავდასხმათა მოგერიება). გაერთიანების მოთავე იყო ქ. პანტიკაპეონი (ახლანდ. ქერჩი), რ-იც ბ. ს-ს დედაქალაქი გახდა.
ბ. ს-ს მჭიდრო სავაჭრო-ეკონ. და კულტ. ურთიერთობა ჰქონდა კოლხეთთან. სტეფანე ბიზანტიელთან (VII ს.) შემონახული ერთ-ერთი მითური ტრადიციის თანახმად, პანტიკაპეონი თითქოს კოლხთა მეფის აიეტის ვაჟს დაუარსებია. პანტიკაპეონის, ნიმფეონის, მირმეკიონის, ტირიტაკეს გათხრებისას მრავლადაა ნაპოვნი ძვ. წ. VI–IV სს. კოლხ. კერამიკის ფრაგმენტები, კოლხური ვერცხლის მონეტები („კოლხური თეთრი“), აგრეთვე თიხის ჭრაქი, რ-ზეც ამოკაწრულია სახელი „კოლხოს“. მეორე მხრით, კოლხეთში ნაპოვნია ბოსფორული ამფორები და ქ-ების პანტიკაპეონისა და ნიმფეონის მონეტები.
ო. ლორთქიფანიძე