ბოტანიკოსთა საზოგადოება საქართველოსი, რესპუბლიკური საზოგადოება საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან. დაარსდა 1958. აერთიანებს ბოტან. დარგში მომუშავე 400 წევრს. აქვს 10 სექცია: ფლორისა და სისტემატიკის, გეობოტან., სპოროვანი მცენარეების, კულტ. ფლორის, მეტყევეობის და დენდროლოგიის, ბოტან. ბაღების, ბუნების დაცვის, პედ., პალინოლოგიის, პროპაგანდის, აგრეთვე 2 განყ-ბა (აფხაზეთის, აჭარის).
საზ-ბის მუშაობას ხელმძღვანელობს ყრილობა, ყრილობათა შორის პერიოდში – საბჭო. საზ-ბა ხელს უწყობს კვლევის კოორდინაციას ბოტანიკოსთა შორის, ბოტან. ინფორმაციის გაცვლას, აგრეთვე ბოტან. მეცნიერების თანამედროვე მიღწევების პოპულარიზაციას მოსახლეობაში. აწყობს რესპ. და საერთაშ. სამეცნ. თათბირებს, სიმპოზიუმებს, კონფერენციებს, საიუბილეო სესიებს; მაგ., ჩატარდა საკავშ. კონფერენცია მაღალმთის ფლორის და მცენარეულობის საკითხებზე (თბილისი, 1961); დენდროლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესი (თბილისი, 1982); საერთაშ. სიმპოზიუმი მაღალმთის ეკოლოგიის საკითხებზე (თბილის – ყაზბეგი, 1977, 1984); საკავშ. თათბირი თემაზე „თესლოვან მცენარეთა მდედრობითი გენერაციული სტრუქტურების განვითარების მორფოლოგიურ-ფუნქციური ასპექტები“ (თელავი, 1984); კავკ. ნაკრძალებისადმი მიძღვნილი საკავშ. ბოტან. საზ-ბის პრეზიდიუმის გამსვლელი სესია (თბილის-ლაგოდეხის ნაკრძალი, 1986); საიუბილეო სესია, მიძღვნილი თბილისის ბოტან. ბაღის დაარსებისადმი (1987, თბილისი); საერთაშ. კონფერენცია ჰოლოცენის პრობლემებზე (თბილისი, 1988). საზ-ბის ბეჭდვითი ორგანოა „საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების მოამბე“.
1958–83 საზ-ბის პრეზიდენტი იყო ნ. კეცხოველი, 1983-იდან – გ. ნახუცრიშვილი.
მ. ივანიშვილი