ბოცვაძე ზეინაბ ჯაიდირის ასული (13. VIII. 1944, თბილისი, – 6. VII. 1994, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში, საზ. მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში). საქართვ. დამს. არტისტი (1981).
1964–68 სწავლობდა საქართვ. თეატრ. ინ-ტში, 1964-იდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: მაგდალენა (ფ. ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“, ისმენე (ჟ. ანუის „ანტიგონე“), ოფელია და ელო (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), დედოფალი, სოფლელი გოგონა, თხა, მოტირალი (სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“), აგრაფინა დანელია და გულიკო (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“), ნელი (ნ. წულეისკირის, გ. გეგეჭკორის „ძველი სამრეკლო“ და სხვ.
გადაიღეს კინოფილმებში: მაყვალა („ჩქარი მატარებელი“, რეჟ. ნ. მჭედლიძე), ფუნდუ („განძი“, რეჟ. რ. ჩხეიძე, 1961), ლელა („ერთი ცის ქვეშ“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1961), ფატი („პალიასტომი“, რეჟ. ს. დოლიძე, 1963), დედა („ნერგები“, რეჟ. რ. ჩხეიძე, 1972), ლალი („ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რეჟ. ე. შენგელაია, 1983), ქეთევან ბარათელი („მონანიება“, რეჟ. თ. აბულაძე, 1984), დედობილი („უკვდავების თეთრი ვარდი“, რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1984), ელო („ტურანტორი“, რეჟ. ო. შამათავა, 1989) და სხვ. კინოში შესრულებული ბოლო როლი აღმოჩნდა ლევანის დედა ფილმში „ჩაკლული სული“ (რეჟ. გ. მგელაძე, 1994).
ბ-ის სამსახიობო ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო გარდასახვის კარგი უნარი, გამომსახველობითი პლასტიკურობა, თეატრალობა, გემოვნება და ბუნებრივი კომიზმი.
2015 ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში გაიხსნა ბ-ის ბარელიეფი (მოქანდაკე დ. ვარდოსანიძე). ბოლო ქუჩას, რ-ზეც ცხოვრობდა „ბოცვაძის ქუჩა“ ეწოდა.