ბოცვაძე იოსებ ლუარსაბის ძე (14. VI. 1914, თბილისი, – 29. IV. 1981, იქვე), ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1964), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1978).
დაიბადა პედაგოგთა და საზ. მოღვაწეთა – ნინო და ლუარსაბ ბოცვაძეების ოჯახში. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკისა და ფილოლოგიის ფაკ-ტები.
პედ. მოღვაწეობა სკოლით დაიწყო. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილ., ქუთაისის, სოხუმის პედ. ინ-ტებში, ბოლოს – თსუ-ში, სადაც გარდაცვალებამდე იყო ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგე.
ბ-ის მეცნ. გამოკვლევები ეხება ქართ. ლიტ-რის, კრიტიკის, ჟურნალისტიკის აქტუალურ საკთხებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აგრეთვე ქართ. პედ. აზრის შესწავლაში. შეკრიბა და სამ ტომად გამოსცა პროფ. გიორგი თავზიშვილის რჩეული პედ. თხზულებანი (1962–64). დიდი მუშაობა გასწია თავისი სახელოვანი მამის – ლუარსაბ ბოცვაძის – რჩეული პედ. თხზულებების ოთხტომეულის გამოცემის მოსამზადებლად; პირველი ტომი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა (1982). ბ-მ წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო სერგეი მესხის სამტომეულს (თბ., 1977). არჩეული იყო საქართვ. პედ. საზ-ბის პრეზიდიუმის წევრად.
დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილისა და ი. ჯავახიშვილის სახ. მედლებით.
თხზ.: ვაჟა-ფშაველა ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, თბ., 1955; ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, თბ., 1956; წერილები, ცხინვალი, 1956; საუნჯე ერისა, თბ., 1976; სერგეი მესხი და 70–80-იანი წლების ქართული პრესა, თბ., 1968; ილია ჭავჭავაძე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, თბ., 1977; აკაკი წერეთელი–ლიტერატურის კრიტიკოსი და ჟურნალისტი, თბ., 1980.