ბოცვაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე [4 (16). I. 1866, სოფ. ნოღა, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპ-ი – 24. VI. 1919, თბილისი], პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
1888-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და სხვა ქ-ებში. 1908 დააარსა ყოველთვიური პედ. ჟურნალი „განათლება“, რ-საც 1908–18 რედაქტორობდა.
ბ-ს ეკუთვნის მრავალი პედ. ნაშრომი და სტატია, სასწ. პროგრამები სახ. სკოლებისათვის.
ბ-ის პედ. შეხედულების საფუძველია ხალხურობის იდეა: საყოველთაო სავალდებულო და უფასო სწავლება ბავშვებისათვის; ქალისა და ვაჟის თანასწორი განათლება; სწავლება ცხოვრების რეალურ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით; მშობლიური ენის მთავარი ადგილი სწავლებაში; სამშობლოს სიყვარულისა და შრომისმოყვარეობის აღზრდა; რუს. და ევრ. კულტურის დაუფლება.
ბ. აკრიტიკებდა „თავისუფალი აღზრდის“ თეორიას; აღზრდა მიაჩნდა ორგანიზებულ, მიზანდასახულ პროცესად, რ-იც მიმდინარეობს მასწავლებლის ხელმძღვანელობით. შრომითი აღზრდის მიზანი, მისი აზრით, პროფ. მომზადება კი არ იყო, არამედ აღსაზრდელის შრომითი ჩვევების, შრომის უნარის გამომუშავება. მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში ბ. წამყვან როლს ანიჭებდა სკოლას, წამოაყენა ახ. სკოლის პრინციპები.
ბ. სწავლებისა და განათლების თეორიაში კ. უშინსკისა და ი. გოგებაშვილის მიმდევარი იყო.
თხზ.: პედაგოგიური თხზულებანი, ტ. 1, თბ., 1982.
ლიტ.: ჭ კ უ ა ს ე ლ ი ი., ლუარსაბ ბოცვაძე, თბ., 1954.