ბოჭორიშვილი ანგია თადეოზის ძე (16. XII. 1902, სოფ. ლახამულა, ახლანდ. მესტიის მუნიციპ-ი, – 15. IV. 1982, თბილისი), ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. საქართვ. მეცნ. აკადემიკოსი (1955). პედ. მეცნ. დოქტორი (1939), პროფესორი (1942), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).
დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1924). მეცნიერული მუშაობა დაიწყო დ. უზნაძის, შ. ნუცუბიძის, ს. დანელიას ხელმძღვანელობით. 1933-იდან ქუთ. პედ. ინ-ტის დოცენტი იყო, 1942–55 – ამავე ინ-ტის ფსიქოლ. კათედრის გამგე, 1955–57 – საქართვ. მეცნ. აკად. საზ. მეცნ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი. 1957–60 – საქართვ. მეცნ. აკად. ვიცეპრეზიდენტი, 1960–68 – საქართვ. მეცნ. აკად. საზ. მეცნ. განყ-ბის ჟურნ. „მოამბის“ (1964-იდან „მაცნე“) მთავარი რედაქტორი. 1960–62 – საქართვ. მეცნ. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ფსიქოლ. ისტორიის განყ-ბის, 1962– 67 – ფილოს. ინ-ტის ბუნებისმეტყველების ფილოს. განყ-ბის, 1967-იდან – ამავე ინ-ტის ფილოს. ანთროპოლოგიის განყ-ბის გამგე. 1959–64 იყო საქართველოს ფსიქოლოგთა საზ-ბის, ხოლო 1973–82 – ფილოსოფოსთა საზ-ბის თავ-რე.
ბ-ის მეცნ. კვლევა-ძიების ძირითადი სფეროებია: ზოგადი ფსიქოლოგია, ფილოს. ფსიქოლოგია, ფსიქოლ. და ფილოს. ისტორია, ენის ფილოსოფია, ფილოს. ანთროპოლოგია, ესთეტიკა. ბ. არსებითად იკვლევდა ფსიქოლ. საგნისა და მეთოდის პრობლემებს; ფუნქციონალური თვალსაზრისით ერთმანეთისაგან თიშავდა ფსიქიკასა და ცნობიერებას, რითაც დაადგინა ფსიქოლოგიის კვლევის სფერო – ცნობიერების ფსიქ. შინაარსი ანუ განცდა. არაცნობიერ ფსიქიკაზე მსჯელობა მას გაუმართლებლად მიაჩნდა. მისი აზრით, ცნობიერება ხედვის აქტია (ცნობიერობაა), მას საკუთარი შინაარსი არა აქვს, მისი შინაარსია ყველაფერი, რაც მის გარეთაა, მაგრამ მისით არსებობს. ფსიქიკა საკუთარი შინაარსის მქონეა, მისი ემპირიული მოცემულობა შემეცნება არაა. იგი თვითონაა შემეცნების ერთ-ერთი საგანი. ცნობიერების ხედვის აქტის სახით წარმოდგენა არსებითად ჭრის საკითხს ადეკვატური შემეცნების შესახებ.
ბ-მა მეცნიერებაში შემოიტანა ახ. ცნება – „ფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში“, რასაც ორი მნიშვნელობა აქვს: შინაარსობრივ-საგნობრივი (არაფსიქიკური სინამდვილე ფსიქიკური პროცესის სახითაა წარმოდგენილი) და აბსტრ.-სენსუალური (ფსიქიკურ ფსიქოლოგიზმთან ფსიქოლოგიაში საქმე მაშინ გვაქვს, როცა ნაცადია ფსიქოლ. დაფუძნება ალოგიკურ-სენსუალურ მასალაზე).
ბ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ფილოს. ანთროპოლოგიის დაფუძნებაში. მისი აზრით, ფილოს. ანთროპოლოგია არის ისტ. მატერიალიზმის განვითარების ნაყოფი და დიფერენცირებული ფილოს. დისციპლინა.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ფსიქოლოგია (სახელმძღვანელო), თბ., 1956 (თანაავტ. შ. ჩხარტიშვილი); ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები, ნაწ. 1–3, თბ., 1957–62; ფსიქოლოგიზმი და ანტიფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში, თბ., 1965; ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისათვის, თბ., 1966; ფენომენოლოგიური ესთეტიკა, თბ., 1966; კანტის ესთეტიკა, თბ., 1967; რა არის ფილოსოფია? (ფილოსოფიის საგანი), «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მაცნე», 1969, №2; ესთეტიკური ბუნების შესახებ, კრ.: ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის საკითხები, ნაწ. 1, თბ., 1973; ფილოსოფიური ანთროპოლოგიის თეორიული საფუძვლები, თბ., 1976; რას ამბობენ ფილოსოფოსები ადამიანის არსის შესახებ, თბ., 1980.
ვ. კაკაბაძე