ბოჭორიშვილი ვახტანგ გაბრიელის ძე (25. III. 1924, სოფ. გიორგეთი, ახლანდ. ლაგოდეხის მუნიციპ-ი, – 11. IX. 2002, თბილისი), ინფექციონისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის წევრი (1994), სსრკ მედ. მეცნ. აკად. წ-კორ. (1988).
1940–42 სწავლობდა საქართვ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტზე. 1943–45 მუშაობდა თელავის, თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის, სოხუმის ქართ. თეატრის რეჟისორ-ასისტენტად, შემდეგ – რეჟისორად.
1951 დაამთავრა ხარკოვის სამედ. ინ-ტი. 1952–56 მუშაობდა სამხ. ნაწილის, შემდეგ – სამხ.-საზღვაო ჰოსპიტლის ექიმად, 1956–69 – ლენინგრადის სამხ.-სამედ. აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე. იყო ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე. 1970–73 იყო საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
1979 ბ-მა შექმნა სეფსისის საწინააღმდეგო ჯანდაცვითი ტერიტორიული სამსახური – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს სეფსისის საწინააღმდეგო რესპ. ცენტრი, რისთვისაც 1985 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. 2002 ცენტრს მიენიჭა მისი სახელი. იყო ინფექციონისტთა რესპ. სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. იკვლევდა სეფსისის პრობლემას, ანგინასა და ქრონ. ტონზილიტთან დაკავშირებულ შინაგანი ორგანოების დაავადებებს. 1970 ყოფ. სსრკ-ში პირველად წარმატებით გამოიყენა ფილიპსის ხსნარი ქოლერის სამკურნალოდ. შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც უზრუნველყო დროული დიაგნოსტიკა და სიკვდილიანობის შემცირება. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ქოლერა, თბ., 1973 (თანაავტ. ქ. გომელაური); Ангина и функциональное состояние сердечно-сосудистой системы, Л., 1963; Псевдотуберкулез, Тб., 1976 (თანაავტ.: В. С. Матковский, В. С. Антонов); Сепсисология с основами инфекционной патологии, Тб., 1988 (თანაავტ.).