ბჟალავა იოსებ თეიმურაზის ძე (11. I. 1904, ძველი სენაკი, – 29. X. 1972, თბილისი), ფსიქოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1946), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).
განწყობის თეორიის ძირითად პრინციპებზე დამყარებით ბ-მ სათავე დაუდო ფსიქიკის პათოლოგიურ გამოვლენათა კვლევა-ძიებას და ამით საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დარგის – პათოფსიქოლოგიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. გამოავლინა განწყობის აღმოცენების, ჩამოყალიბებისა და დინამიკის კანონზომიერებანი სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებისა და თავის ტვინის განსხვავებული კერების ლოკალური დაზიანების შემთხვევაში. ამ კვლევის შედეგად დ. უზნაძის მიერ შემუშავებული განწყობის კვლევის მეთოდები ფართოდ დაინერგა ფსიქიატრიულსა და ნერვოლოგიურ კლინიკებში.
ბ-ს ზოგადფსიქოლ. კვლევის შედეგებს შორის აღსანიშნავია თანამიმდევრული პოზიტიური ხატის ექსპერ. კვლევის მონაცემები, რ-ებიც განწყობის ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან მონაპოვრადაა მიჩნეული.
ბ-მ მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა კიბერნეტიკისა და ფსიქოლოგიის მოსაზღვრე საკითხებზე. მისმა მონოგრაფიამ „კიბერნეტიკა და ფსიქოლოგია“ (1966) ფართო გამოხმარუება პოვა თანამედროვე სამეცნ. წრეებში. იგი გამოქვეყნდა რუს. და პოლ. ენებზე.
თხზ.: შიზოფრენიის ფსიქოპათოლოგიისათვის, თბ., 1958; ფსიქოზურ განცდათა ფენომენოლოგია, თბ., 1968; ეპილეფსია, თბ., 1969; ცნობიერებისა და არაცნობიერი ფსიქიკურის პრობლემა განწყობის ფსიქოლოგიაში, თბ., 1976.
მ. საყვარელიძე