ბჟუჟის ჰიდროელექტროსადგური, მაღალი დაწნევის მთის ტიპის ჰიდროელექტროსადგური. აშენებულია მდ. ბჟუჟზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მშენებლობა დაიწყო 1950. პირველი აგრეგატი გაუშვეს 1956, ბოლო (მესამე) – 1957 იანვარში.
თავდაპირველად დაპროექტებული იყო 8000 კვტ სიმძლავრის ჰესის აგება. შემდგომში მიზანშეწონილი გახდა მისი გაზრდა. ელექტროსადგურის საბოლოო სიმძლავრეა 12240 კვტ. ბჟუჟჰესის ძირითადი ჰიდროტექ. ნაგებობებია კაშხალი გამრეცხი რაბითურთ, ღია წყალმიმღები, ორსაკნიანი სალექარი მიწის ქვეშ, კლდიან მასივში, სადერივაციო უდაწნეო 2720 მ სიგრძის გვირაბი, სადაწნეო აუზი და ტურბინებისათვის წყლის მიმწოდებელი ერთზაფიანი ლითონის სადაწნეო მილი (786 მ).
ბჟუჟჰესში დადგმულია ავსტრიაში დამზადებული სამი ერთნაირი ჰიდროაგრეგატი. მაქს. დაწნევაა 300 მ, დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიცინეტი – 0,54, საშ. წლ. გამომუშავება – 69,3 მლნ. კვტ-სთ, 1 მეგვტ სიმძლავრეზე წყლის კუთრი ხარჯი – 0,429 მ³/წმ.
ბჟუჟჰესი 35 კვ-იანი გადამცემი ხაზით ოზურგეთის ქვესადგურის მეშვეობით ჩართულია საქართველოს ენერგოსისტემაში. ჰესი მთლიანად ავტომატიზებულია. ამჟამად ჰესის მესაკუთრეა შპს „საქართველოს საერთაშორისო კორპორაცია“.
ი. ჯიქია