ბრაილაშვილი ნინო პეტრეს ასული [19. I (31. I). 1899, ბაქო, – 2. VI. 1991, თბილისი], მხატვარ-გრაფიკოსი (მუშაობდა გამოყენებით ხელოვნებაშიც). საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1960). ბრაილოვსკი პეტრე|პ. ბრაილოვსკის შვილი.
დაამთავრა ლევანდოვსკის კერძო გიმნაზია თბილისში (1917). ხატვას სწავლობდა ბ. ფოგელის ხატვის საღამოს კურსებზე, 1919-იდან – ნატიფ ხელოვნებათა ხელშემწყობ კავკ. საზ-ბის სკოლაში, 1924–29 – თბილ. სამხატვრო აკადემიაში, ი. შარლემანის კლასში.
1930-იანი წლებიდან თითქმის 30 წელზე მეტხანს მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტისა და ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმის ეთნოგრაფიის განყ-ბის მხატვრად, მონაწილეობდა სამეცნ. ექსპედიციებში საქართველოსა და დაღესტანში. ასრულებდა ჩანახატებს, რ-ებშიც წარმოდგენილია ქართ. ხალხ. შემოქმედების ყველა სახე.
1937 თ. თუმანიშვილთან ერთად დააარსა თბილ. სათამაშოების მუზეუმი, რ-ის უცვლელი მხატვარი იყო 30 წლის განმავლობაში.
ბ-ის მიერ შექმნილი ეროვნ. ხასიათის გამომხატველი თოჯინები მრავალჯერაა პრემირებული სხვადასხვა კონკურსზე და ექსპონირებული საზღვარგარეთ (ინდოეთი, 1956; ბრიუსელი, 1958; აშშ, 1959). დაზგურ გრაფიკაში შესრულებული აქვს შოთა რუსთაველისა და სხვა ქართველ მწერალთა პორტრეტები (1937), გრავიურების სერია „სვანეთი“ (1945), „დუშეთი“ (1947) და სხვ.
1964 გამოსცა ქართ. ეთნოგრაფიული ალბომების სერია („დაჩითული ქსოვილები“, „ლურჯი სუფრა“, „ქართული კერამიკა“, „თოჯინები“ და სხვ.), 1990 – ალბომი „ასეთი მახსოვს საქართველო“, ეთნოგრაფიული ჩანახატები. მუშაობდა საბავშვო წიგნის ილუსტრაციაზე (ნ. ნაკაშიძე, „ხალხური ზღაპრები“, 1935; და სხვ.).
სტილის მახვილი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, საკუთარი ხელწერა, უშრეტი ფანტაზია, ინტერესთა მრავალფეროვნება შეადგენს მხატვრის შემოქმედების არსს. მისი მხატვრული მემკვიდრეობა წარმოადგენს ფასდაუდებელ მასალას საქართვ. სხვადასხვა რეგიონის კულტ. და ყოფის სურათის წარმოსადგენად. ნამუშევრები დაცულია ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში, საქართვ. სურათების გალერეაში, საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში, ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში, ხელოვნ. მუზეუმსა და თბილ. სათამაშოების მუზეუმში.
ვ. ბერიძე