ბრაილოვსკი პეტრე ვლადიმერის ძე [19. XII (31. XII). 1862, თბილისი, – 1 – 23. XII. 1910 (5. I. 1911), იქვე], სამთო ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე (წარმოშობით უკრაინელი, დედით ქართველი).
დაამთავრა თბილ. ვაჟთა I გიმნაზია. მუშაობდა ყაღიზმანში (ძვ. ქართ. სახელწოდება აღზევანისა, ყარსის ვილაიეთი) მარილის საბადოებზე, შუა აზიის რკინიგზის მშენებლობაზე; ბაქოში – „მოსკოვ–კავკასიის“ ნავთის მწარმოებელი ამხანაგობის მმართველად. თავისი სახსრებით თბილ. ბოტან. ბაღში გაიყვანა გვირაბი. განზრახული ჰქონდა თბილისსა და კოჯორში ბალნეოლ. და კლიმ. კურორტების მოწყობა, რისთვისაც შეისყიდა ბოტან. ბაღთან არსებული მუსლ. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია. აქედან კოჯრისაკენ უნდა გაეყვანა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა. პროექტი განუხორციელებელი დარჩა.
ს. კინწურაშვილი