ბრალი

ბრალი სამართალში, პირის ფსიქიკური დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი საზოგადოებრივად საშიში მართლსაწინააღმდეგო ქმედობისა და ამით გამოწვეული მავნე შედეგისადმი. განასხვავებენ ბ-ის ორ ფორმას: განზრახვას და გაუფრთხილებლობას. ბ. იურიდ. პასუხისმგებლობის სუბიექტური საფუძველია. საქართვ. რესპ. სისხლის სამართ. კოდექსის მე-3 მუხლში ნათქვამია: „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება და სასჯელი ედება მხოლოდ იმ პირს, ვისაც ბრალი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, ე. ი. ვინც განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედობა“. სასამართლო პრაქტიკა განუხრელად ახორციელებს ამ პრინციპს. ბ-ის პრინციპი, როგორც წესი, მოქმედებს სამოქალაქო სამართალშიც, მაგრამ გამონაკლისის სახით გვხვდება პასუხისმგებლობა ბ-ის გარეშეც (მაგ., როცა ზიანი მიყენებულია ავტომანქანით, რ-იც მომეტებული საფრთხის წყაროდ ითვლება).

საზ-ბის განვითარების ადრინდ. საფეხურზე პასუხისმგებლობა არ უკავშირდებოდა ბ-ს, საკმარისი იყო თვით ზიანის მიყენების ფაქტი. ბ-ის პრინციპის დანერგვა დამოკიდებული იყო საზ-ბის სოც.-ეკონ. წესწყობილებაზე და მის ზნეობრივ, რელიგ. და სამართ. შეხედულებებზე.

ძვ. ქართ. სამართალში სიტყვა „ბრალი“ „დანაშაულის“ მნიშვნელობით იხმარებოდა. იგი დამნაშავის სულიერ განწყობილებასაც გამოხატავდა. პასუხისმგებლობის დადგენისას ყურადღება ექცეოდა დანაშაულის სუბიექტურ მხარეს. სწორედ სუბიექტური ნიშნები იყო დანაშაულებრივი ქმედობის კლასიფიკაციის ერთ-ერთი საფუძველი. ექვთიმე მთაწმიდელი განასხვავებდა „ნებსით“ და „უნებელად“ ჩადენილ დანაშაულს. „უნებელის“ კონსტრუქცია უახლოვდება არაპირდაპირი განზრახვის ცნებას, რ-იც შემდეგ ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების დას. ევროპის სამართალში. ქართ. საკანონმდებლო ძეგლებიდან დანაშაულის სუბიექტური ნიშნები ყველაზე ნათლად არის გამოკვეთილი ვახტანგ VI-ის სამართალში (იხ. „სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა“) – მოსამართლეს საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოერკვია, თუ როგორ მოხდა დანაშაული – „ნდომით... თუ უნდომლად“ (მ. 24); გათვალისწინებული იყო ქმედობა „განზრახვით“ (მ. 42) და „ფათერაკად“ (მ. 92, იხ. ფათერაკი), განსხვავებული იყო „შუღლით სიკუდილი“ და „მტრობით სიკუდილი“ (მ. 252) და სხვ.

ლიტ.: ვ ა ჩ ე ი შ ვ ი ლ ი  ა., დანაშაულის სუბიქტური მხარე საბჭოთა სისხლის სამართალში, თბ., 1957; წ ე რ ე თ ე ლ ი თ., ბრალის ცნების განვითარება საბჭოთა სისხლის სამართალში, «საბჭოთა სამართალი», 1967, № 4; მისივე, К вопросу о понятии вины, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1960, № 1; К о р д з а я-С а м а д а ш в и л и  Н. С., Вопросы вины в трудах Еквтиме Мтацмидели, «თსუ შრომები», 1967, ტ. 119 – იურიდიულ მეცნიერებათა სერია, IV.

ვ. მაყაშვილი

ნ. კორძაია-სამადაშვილი